ჩეჩნების პროცესი კვლავ გადაიდო

(თბილისი, 18 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამი ჩეჩენი პატიმრის სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში 25 აპრილისთვის გადაიდო.

დღეს სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატას საბოლოო დადგენილება უნდა გამოეტანა, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი ახალი მასალების განხილვის მიზნით პროცესი კვლავ გადაიდო.

დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი ჩეჩენის, აქამდე ელხაჯიევის გვარით ცნობილის, ახლა კი მულკოევის მეუღლე ესმა მაჩალიკაშვილი გამოცხადდა, რომელმაც დაადასტურა, რომ სასამართლოს წინაშე წარდგენილი პიროვნება მისი მეუღლეა, რომლის გვარიც მულკოევია.

“აქამდე მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი და არ ვიცოდი დაკავებული ჩეჩნებიდან ერთ-ერთი თუ ჩემი მეუღლე იყო, ეს მხოლოდ სურათის ნახვის შემდეგ გავიგე.  ორი დღეა რაც აქ ვიმყოფები და გამოცხადების მიზეზი ის არის, რომ დავადასტურო ჩემი მეუღლის ზუსტი ვინაობა”, – განაცხადა სასამართლოზე მაჩალიკაშვილმა. მან ასევე ითხოვა მეუღლესთან შეხვედრა.

ეს საკითხი ჩეჩნების ადვოკატებმა ჯერ კიდევ 14 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე დააყენეს. მალხაზ პატარაიას განცხადებით, ელხაჯიევი სინამდვილეში მულკოევია. ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარმოადგინეს.

პროკურორების განცხადებით, ეს დოკუმენტაცია ყალბია. “ამ პიროვნების ექსტრადიცია მაინც უნდა მოხდეს, რადგან რუსეთის პროკურატურის დოკუმენტში სურათით დადასტურებულია აქ წარმოდგენილი პიროვნებების ვინაობა”, – განაცხადა პროკურორმა პაატა მსხილაძემ.

სასამართლო პროცესს დღეს დაკავებული ჩეჩნები არ ესწრებოდნენ იმის გამო, რომ მათ პროცესზე დასწრება არ მოუთხოვიათ. საკასაციო პროცესსზე პატიმარმა წერილობით თავად უნდა ითხოვოს სასამართლოზე დასწრება.

უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა ერთობლივად განიხილავს ქართველი მესაზღვრეების მიერ გასულ წელს სხვა 10 პირთან ერთად დაკავებული ჩეჩნების – გელოგაევის, ალხანოვისა და ელხაჯიევის (მულკოევის) საქმეებს, რომელთაგან ორის ადვოკატებმა გაასაჩივრეს მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს განაჩენი მათი ექსტრადიციის შესახებ და ასევე ეს განაჩენი გაასაჩივრეს პროკურორებმა, რომლებიც თვლიან, რომ გადაწყვეტილება ალხანოვის საქართველოში დატოვების შესახებ უკანონოა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)