არძინბამ არ დააკმაყოფილა მთავრობის თხოვნა გადაყენების თაობაზე
(თბილისი, 8 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოხუმის ხელისუფლების ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ არ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ გენადი გაგულიასა და მთელი მთავრობის თხოვნა გადაყენების თაობაზე, – ამის შესახებ 7 აპრილს “სივილ ჯორჯიას” აცნობა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ.
7 აპრილს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სოხუმის მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ ვლადისლავ არძინბას განცხადებით მიმართეს დათხოვნის თაობაზე.
ვალერი არშბას თქმით, დათხოვნის შესახებ განცხადების დაწერის მიზეზი გახდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება, რომლებიც 10 აპრილს სოხუმში საპროტესტო შეკრებას გეგმავდნენ, სადაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილების გამო მის გადაყენებას მოითხოვდნენ.
ამ პოლიტიკურ ძალთა შორის ვალერი არშბამ დაასახელა 1992-93 წლების ომის ვეტერანთა გაერთიანება “ამცახარა”.
ვალერი არშბას ცნობით, დღეს საკითხი გადაწყდება და არძინბა აპირებს გაათავისუფლოს მხოლოდ მთავრობის რამდენიმე წევრი, ხოლო პრემიერი და მთავრობის სხვა წევრები ჩვეულებრივ განაგრძობენ მუშაობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)