თურქეთის ელჩი “თურქეთის ავიახაზებისთვის” ფრენების აკრძალვას უსაფუძვლოს უწოდებს

(თბილისი, 7 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თურქეთის ელჩმა საქართველოში დიჯლე ქოფუზმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არანაირი საბაბი არ არსებობს “თურქეთის ავიახაზებისთვის” საქართველოში ფრენის ასაკრძალავად.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 30 მარტიდან კომპანიას უნდა შეემცირებინა რეისების რაოდენობა კვირაში 3-დან ორამდე, ხოლო 15 აპრილიდან კომპანიას საერთოდ ეკრძალება საქართველოში რესიების შესრულება. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ბრიტანული “ბრითიშ ეარვეისიც”.
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ემყარება პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილებას, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას რეკომენდაცია ეძლეოდა “შეუჩეროს ლიცენზიები ფრენაზე” “თურქიშ ეარლაინზს” და “ბრითიშ მედითერანიან ეარვეისს” (“ბრითის ეარვეისის” შვილობილიო კომპანია).

როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობამ 1992 წლის 17 ნოემბერს (სარატიფიკაციო პროცედურების დაწყებამდე) თხოვნით მიმართა თურქეთს გაცემულიყო ფრენების ნებართვა ქართული ავიაკომპანია “ორბისთვის”. აღნიშნული ნებართვა გაიცა, როგორც კეთილი ნების გამოხატულება.

“ხელშეკრულების 22-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეების მიერ რატიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური ნოტების გაცვლის თარიღიდან. 1993 წლის 23 ნოემბერს გაგზავნილი ნოტით საქართველოს მხარემ აცნობა თურქეთის მხარეს ხელშეკრულების 22-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. თურქულმა მხარემ რატიფიკაცია 1994 წელს მოახდინა”, – განაცხადა თურქეთის ელჩმა თბილისში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ძალაში იყო 1995 წლამდე, ასეთი შეთანხმებების პარლამენტის მიერ რატიფიცირებას არ ითვალისწინებდა. მაგრამ ახალი კონსტიტუცია, რომელიც 1995 წელს მიიღეს უკვე ითვალისწინებს რატიფიკაციას.

დიჯლე ქოფუზმა ასევე განაცხადა, რომ “თურქიშ ეარლაინზ”-ის წარმომადგენლები საქართველოში 10 აპრილს ჩამოვლენ საქართველოს ხელისუფლებასთან ამ პრობლემის გარშემო მოლაპარაკებების გასამართად.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
საქართველო აჩერებს ბრიტანეთის ავიახაზებისა და თურქეთის ავიახაზების რეისებს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)