საქართველო რუსეთში ანტიქართული ისტერიის მომძლავრებას აღნიშნავს

(თბილისი, 4 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “როგორც ეტყობა, რუსეთში ანტიქართული ისტერიის ახალი ტალღა აგორდა”, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ.

მან კომეტარი გაუკეთა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობების კომიტეტში მომზადებული განცხადების პროექტს, რომლითაც დაგმობილია საქართველო-აშშ-ის სამხედრო ხელშეკრულება.

ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა მარტის ბოლოს მოახდინა. ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკის ხელისუფლებას საშუალება ეძლევა თავისი მოსაზრებებისამებრ, ქართული მხარის თანხმობით გამოიყენოს საქართველოს სამხედრო ბაზები და სხვა ობიექტები.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეტანილი განცხადების პროექტი რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს გადასინჯოს მოსკოვის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (“სამხრეთ ოსეთი”) მიმართ, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება და რომლებიც “მჭიდრო კავშირების” დამყარებას ცდილობენ რუსეთთან.

“თუ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ამ განცხადებას დაამტკიცებს, ჩვენ მოსკოვს პროტესტის ნოტას გავუგზავნით”, – განაცხადა კახა სიხარულიძემ.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
რუსეთის ზეწოლის მიუხედავად საქართველო პოზიციას არ შეიცვლის
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება რატიფიცერებულია
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება პარლამენტში წინააღმდეგობას წააწყდა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)