ვეტერანი გვარდიელები ბუნტის პროვოცირებაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებენ

(თბილისი, 3 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისის საოლქო სასამართლოში 23-24 მარტს ისნის რაიონში სამხედრო ნაწილში უკანონოდ შეჭრაში დადანაშაულებულმა ყოფილმა გვარდიელებმა ბუნტის პროვოცირებაში სახელმსწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი დაადანაშაულეს.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაკავებულთა ადვოკატების შუამდგომლობა ყოფილი გვარდიელებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე. დაკავებულ ვეტერანებს რაიონულმა სასამართლომ 3-3 თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა გამოძიების დასრულებამდე.

“ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ნარჩემაშვილმა, ჯორბენაძემ და თევზაძემ მოაწყეს ეს ბუნტი”, – გაჰყვიროდნენ დაკავებულები სასამართლოს დარბაზში დადგმული გალიიდან მას შემდეგ, რაც მოსამართლემ თავისი ვერდიქტი წაიკითხა მათი ადვოკატების შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

ამბოხის 19 მონაწილე 24 მარტს ხელისუფლებას ჩაბარდა. 4 მათგანი გაათავისუფლეს.

ეროვნული გვარდიის 15 ყოფილ მოსამსახურეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის დაკავებაში ადანაშაულებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მეამბოხეთა უკან “გარკვეული ძალები” დგანან, რომლებსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა სურთ. ვეტერანები კი აცხადებდნენ, რომ ასეთი ქმედებებისკენ მათ მძიმე სოციალურმა პირობებმა უბიძგა.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ვეტერანთა ჯანყი – დესტაბილიზაციის მცდელობა, თუ სპონტანური აქცია

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)