თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა
(თბილისი, 3 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერას” მიერ გამოგზავნილი ტელეფონოგრამის საფუძველზე.
როგორც “თბილგაზში” აცნობეს “სივილ ჯორჯიას”, ტელეფონოგრამის საფუძველზე კომპანია ამცირებს გაზის მოწოდებას 500 ათას კუბურ მეტრამდე დღე-ღამეში.
“ტელეფონოგრამაში არ არის დასახელებული გაზის რაოდენობის შემცირების მიზეზი, ჩვენ იმ რაოდენობის დავალიანება არ გაგვაჩნია, რომ ამის გამო მომხდარიყო შემცირება”, – აცხადებს “თბილგაზის” გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ არშილავა.
იგი ასევე ამ ფაქტს არ უკავშირებს “თბილგაზის” ტენდერში ამხანაგობა “ახალი მენეჯმენტის” გამარჯვებას, რომელიც გაზის საერთაშორისო კორპორაციის კომპანიონად მოიაზრება.
გაზის რაოდენობის შემცირების კონკრეტულ მიზეზებზე ჯერ-ჯერობით არც “იტერას” საქართვლოს წარმომადგენლობაში საუბრობენ. “თბილგაზის” ხელმძღვანელები დღესვე გეგმავენ ამ საკითხის განხილვას.
“იტერას” მხრიდან მოწოდებული გაზი კი მხოლოდ დედაქალაქის მესამედს ყოფნის. ამის გამო დღეიდან გაზის მიწოდება მთლიანად შეუწყდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაზის მეურნეობას, რომლის საშუალებითაც გაზით მარაგდებოდა ვაკე, საბურთალო და ვაშლიჯვრის დასახლება.
დედაქალაქის ბუნებრივი აირით დასაკმაყოფილებლად დაახლოებით დღე-ღამეში 1 600 ათასი კუბური მეტრი აირია საჭირო.
“თბილგაზში” იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების შედეგად სიტუაცია გაირკვევა და გაზის მიწოდება თბილისს კვლავ აღუდგება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)