შევარდნაძე სასამართლოებს მოუწოდებს არ მიიღონ პენსიონერთა სარჩელები
(თბილისი, 30 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი პენისონერთა მიერ მომავალში სასამართლოებში პენსიების დავალიანების გაცემის მოთხოვნის მიზნით სარჩელების შეტანის წინააღმდეგ გამოდის და მოსამართლეებს ასეთ შემთხვევაში სარჩელის წარმოებაში მიღებას უკრძალავს.
“რახან ასეთი პრეცედენტი შეიქმნა და სასამართლომ გადაწყვიტა პენსიების დავალიანების გაცემა, ახლა ყველა პენისონერი დაიწყებს სირბილს. არ უნდა მოხდეს სარჩელების განხილვა, მოსამართლეები ჩემი დანიშნულია და მორალური უფლება მაქვს მოვთხოვო მათ ასეთი რამ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
იგი სამტრედიასა და ქუთაისში პენსიონერებისთვის ძველი საპენსიო დავალიანების გაცემას არ უკავშირებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 5 წევრის შიმშილობას პენსიების დაუყოვნებლივ გაცემის მოთხოვნით და აცხადებს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია იშიმშილოს, ან დამოუკიდებლად იმოქმედოს.
“პენსიონერებისთვის თანხების გაცემა და ერთ-ერთი პარტიის წევრების შიმშილობა უბრალოდ დაემთხვა, შესაბამისი უწყებები ისედაც აპირებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას”, – განაცხდა შევარდნაძემ.
სამტრედიის და ქუთაისის სასამართლოებმა პენსიონერების სარჩელი ჯერ კიდევ აპრილის თვეში განიხილეს და სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს პენსიონერებისთვის 1998-99 წლებში დაგროვილი დავალიანების დაფარვა დააკისრა, თუმცა, აქამდე ვერ მოხერხდა სასამართლოს დადგენილების შესრულება, რის გამოს ნაციონალური მოძრაობის წევრები 10 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროში შიმშილობდნენ.
შიმშილობა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა 28 ივლისს პრეზიდენტის მიერ პენსიების დავალიანების გაცემის თაობაზე განკარგულების გაცემის შემდეგ შეწყვიტეს.
“პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების ქმედებაში, ეს ქვეყნის პირველი პირის მხრიდან პირდაპირ კონსტიტუციის უხეში დარღვევა და უპრეცედენტო შემთხვევაა”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ოპოზიციონერი დეპუტატები შიმშილობას განაგრძობენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)