ამერიკელი სენატორი საქართველოს “ბეიკერის გეგმის” შესრულებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 1 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის მიერ 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას, რომელიც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის გეგმის მიხედვით ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებაზეა მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი გასულ კვირას პირველი მოსმენით იქნა მიღებული, სენატორი შიშობს, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ შეძლებს დოკუმენტის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას.

ჯონ მაკკეინი მხარს უჭერს ისეთი საარჩევნო კოდექსის მიღებას, რომელიც სრულად ასახავს “ბეიკერის გეგმას” ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თაობაზე. “პოლიტიკური პარტიების ან მთავრობის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, პარიტეტის დარღვევის ხარჯზე უპირატესობა მოიპოვონ საარჩევნო კომისიაში, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ნოემბერში დანიშნული არჩევნების სამართლიანობას”, – ნათქვამია სენატორის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)