აშშ “ეი-ი-ეს”-ის საქართველოდან წასვლის გამო სინანულს გამოთქვამს
(თბილისი, 1 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 31 ივლისს გაავრცელა პრესსრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ “ეი-ი-ეს კორპორაცია” საქართველოში არსებულ თავის აქტივებს ყიდის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ფაქტი “საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე აუცილებლად იმოქმედებს”.
“ამავე დროს ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილება კომერციული მიზეზითაა განპირობებული და მიუთითებს საქართევლოში რთული საინვესტიციო გარემოს არსებობაზე. გვინდა ხაზი გაუსვათ აქტივების სათანადო წესების დაცვით გადაცემის აუცილებლობას გარდამავალ პერიოდში”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამის მიუხედავად, აშშ მზადაა გააგრძელოს საქართველოს ენერგეტიკის სფეროში რეფორმების მხარდაჭერა.
ამერიკულმა ენერგოკომპანია “ეი-ი-ეს”-მა 31 ივლისს დაადასტურა, რომ აპირებს საქართველოში არსებული თავისი აქტივები მიყიდოს რუსულ კომპანია “რუსეთის ერთიან ენერგოქსელებს”.
ამერიკული კომპანიის ქართული აქტივები შეიცავს სამ ელექტროსადგურს და თბილისის ელექტროგამანაწილებელ კომპანიას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)