სოხუმი სანაპირო დაცვას აძლიერებს

(თბილისი, 7 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრი ვიაჩესლავ ეშბა აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ ოფიციალური თბილისი ეცდება აფხაზეთისთვის სანაოსნო გზის გადაკეტვას სამხედრო და კომერციული გემებისთვის, ეს შავ ზღვაში შეიარაღებულ შეტაკებას გამოიწვევს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ეშბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე თავის სანაპირო დაცვას აძლიერებს.

“ეს არის პასუხი ქართული მხარის მიერ შავ ზღვაში მოქმედებების გააქტიურებისა. ქართულ სამხედრო გემებს ჰქონდათ მცდელობა ოჩამჩირის მიმართულებით წასულიყვნენ”, – განაცხადა ეშბამ.

აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ასევე დაგმო საქართველოს გადაწყვეტილება ფოთში, აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით, სანაპირო დაცვის მომსახურების ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ 29 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა მთელ სანაპირო ზოლს აკონტროლებს და “დააკავებს ნებისმიერ გემს, რომელიც აფხაზეთის მიმართულებით იმოძრავებს”.    

საზღვაო მიმოსვლა სოხუმსა და სოჭს შორის ივლისის ბოლოს აღსდგა, რამაც ქართული მხარის პროტესტი გამოიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)