ენერგოსექტორის ხელმძღვანელობას “რაო ეეს”-ის შემოსვლის თაობაზე პარლამენტში ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს
(თბილისი, 7 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისის მიზეზებს შეისწავლის, დღეს ენერგეტიკის მინისტრს დავიტ მირცხულავას და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს მამუკა ნიკოლაიშვილს, რომელიც ენერგოსაკითხებს კურირებს, ახსნა-განმარტებები ჩამოართვა.
კითხვაზე, იცოდნენ თუ არა მათ ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”-სა და რუსულ “რაო ეეს”-ს შორის მოსალოდნელი გარიგების თაობაზე, მირცხულავამ და ნიკოლაიშვილმა უპასუხეს, რომ არ არსებობდა რაიმე ოფიციალური შეტყობინება “ეი-ი-ეს”-ის მხრიდან მისი აქტივების რუსულ კომპანიაზე მიყიდვის თაობაზე.
თუმცა, კომისიის თავჯდომარის ირაკლი ჩუბინიშვილის თქმით, რუსული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, რომლებიც თბილისში ერთდღიანი ვიზიტით 6 აგვისტოს ჩამოვიდნენ, გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია ამერიკული და რუსული კომპანიების შორის არსებული მოლაპარაკებების თაობაზე.
პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუსული კომპანიის ხელმძღვანელთან ანატოლი ჩუბაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ იცოდა გარიგების შესახებ და არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელი შეეშალა რუსული ენერგოკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთვის.
“ანატოლი ჩუბაისმა მითხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო თვითონ ეყიდა “ეი-ი-ეს თელასის” საკონტროლო პაკეტი, თუმცა ხელისუფლებას ეს არც უცდია”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 6 აგვისტოს.
პარლამენტის სპეციალური კომისია სხვა ოფიციალურ პირებსაც ჩამოართმევს ახსნა-განმარტებებს, რის შემდეგაც მოამზადებს დასკვნას გენერალურ პროკურატურაში წარსადგენად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)