შევარდნაძის მომხრეთა განცხადებით, ამერიკა არ უნდა ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში
(თბილისი, 8 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ქართული ინტელიგენციის დაახლოებით 50-მდე წარმომადგენელმა, რომლებიც პრეზიდენტ შევარდნაძის მომხრეები არიან, კულტურის მინისტრის მოადგილის, მწერალ რეზო ამაშუკელის ინიციატივით, წერილი გაუგზავნეს აშშ-ის ელჩს საქართველოში რიჩარდ მაილს, რომლითაც მოითხოვენ, რომ ამერიკამ შეწყვიტოს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა.
წერილი პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ აშშ ადმინისტრაციისა და აშშ საელჩოს წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას მოჰყვა. ცოტა ხნის წინ აშშ-ის საელჩომ ამერიკული ენერგეტიკული კომპანია “ეი-ი-ეს”-ის საქართველოდან წასვლა ქვეყანაში არსებული “რთული საინვესტიციო კლიმატით” ახსნა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს კულტურის სამინისტროს ინიციატივით გაგზავნილი წერილის გამო. მათი განცხადებით, ეს ფაქტი ქვეყნის პოლიტიკური კურსის რუსეთისკენ შეტრიალებაზე მიმართული ქვეყნის ხელისუფლების მცდელობების დამადასტურებელი კიდევ ერთი ნიშანია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)