“სამართლიანი არჩევნები” საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური ძალადობის წინააღმდეგ გამოდის

(თბილისი, 9 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში გმობს პოლიტიკურ მოძრაობა “სამშობლოსა” და ლეიბორისტულ პარტიას შორის 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს.

“ინციდენტი, რომელიც 4 აგვისტოს ლეიბორისტული პარტიის ოფისის წინ მოხდა, პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ აშკარა ძალადობის მაგალითი იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 4 აგვისტოს ჩადენილი დანაშული მხოლოდ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ არ იყო მიმართული, არამედ ყველა იმ ამომრჩევლის წინააღმდეგ, ვისაც სურს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ჩაატაროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საოლქო სასამართლომ ოპოზიციურ მოძრაობა “სამშობლოს” სამ წევრს 7 აგვისტოს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ლეიბორისტული პარტიის ოფისის წინ მომხდარ ინციდენტში მონაწილეობისთვის. ინციდენტის დროს ათამდე ადამიანი დაშავდა.

“სამართლიანი არჩევნების” განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ინციდენტით დაირღვა “ბეიკერის გეგმის” მეათე პუნქტი, რომელიც გულისხმობს არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)