საქართველოს სანაპირო დაცვა არ პირდება შეღავათებს აფხაზეთში მიმავალ თურქულ ხომალდებს

(თბილისი, 12 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სანაპირო დაცვა შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და შეამოწმებს აფხაზეთის მიმართულებით მოძრავ ყველა სანაოსნო საშუალებას კონტრაბანდის გადატანის აღკვეთის მიზნით, – განუცხადეს ‘სივილ ჯორჯიას” 12 აგვისტოს სახელსმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში.

აფხაზეთში იმყოფებიან მსხვილი თურქული კომპანია “ოქანის” ხელმძღვანელები, რომელიც ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოს ამუშავებს. აფხაზური საინფორმაციო სააგენტო “აფსნი-პრესის” ინფორმაციით, თურქული კომპანიის ხელმძღვანელებმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, რომ დახმარება აღმოუჩინონ ქვანახსირის გადამტანი ხომალდების უსაფრთხო მოძრაობაში. მათი თქმით, ქართველ მესაზღვრეებს არაერთხელ დაუკავებიათ თურქული გემები, რომლებსაც აფხაზეთში ტვირთები შეჰქონდათ.

სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა თურქული კომპანიის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ “ყველა ზომას მიიღებს აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში სატვირთო გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.

10 ივლისს ქართულმა მხარემ დააკავა ტრაბზონიდან სოჭში მიმავალი თურქული გემი, რომელსაც 25 ათასი რუსული პასპორტის ბლანკი გადაჰქონდა. ბლანკები რუსულ და აფხაზურ ენებზე იყო დაბეჭდილი.

გარდა ამისა, 26 მაისს სოხუმსა და სოჭს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენის გამო ქართულმა მხარემ ოფიციალური პროტესტი გამოუხატა რუსეთის ხელისუფლებას. 29 ივლისს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ განაცხადა, რომ “ქართული სანაპირო დაცვა დააკავებს აფაზეთის მიმართულებით უკანონოდ მოძრავ ყველა სატრანსპორტო საშუალებას”.

ამ განცხადების პასუხად სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა ვიაჩესლავ ეშბამ განაცხადა, რომ თუ ოფიციალური თბილისი შეეცდება გზა გადაუკეტოს აფხაზეთისკენ მიმავალ სამხედრო და კომერციულ გემებს, ეს შეიარაღებული შეტაკებით დასრულდება შავ ზღვაში.

This post is also available in: English (ინგლისური)