სოხუმი აცხადებს, რომ უცხოელი ტურისტების აფხაზეთში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ

(თბილისი, 13 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ 11 აგვისტოს რუსეთის ტელეკომპანია “ნტვ”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უცხოელი ტურისტები აფხაზეთში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

“მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების განცხადებებისა, თითქოს კრიმინოგენული სიტუაცია აფხაზეთში საკმაოდ მძიმეა, რუსი ტურისტები აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. მათ აფხაზეთში არაფერი არ ემუქრებათ”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

საქართველოს საელჩომ რუსეთში 17 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს რუს მოქალაქეებს თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან იქ არსებული რთული კრიმინოგენული ვითარების გამო.

სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ქართული მხარის პროტესტისა, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან აღდგენილია, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას აფხაზეთში.

“ჩვენ კარგად გვესმის საქართველოს შეშფოთება, მაგრამ მინდა ავღნიშნო, ჩვენ რომ უკეთესად ვიცხოვრებთ, საქართველოსთვისაც არ იქნება ცუდი”, – აღნიშნა ხაჯიმბამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)