უშიშროება უარყოფს ცნობებს პანკისში სერიოზული არეულობის შესახებ

(თბილისი, 14 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო “საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარ ჩხუბს” უწოდებს პანკისის ხეობაში 12 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს.

უშიშროების სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ნიკა ლალიაშვილის თქმით, ინციდენტის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა, ხოლო სიტუაციას პანკისის ხეობაში სრულად აკონტროლებენ საქართველოს სამრთალდამცავი სტრუქტურები.

საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ 12 აგვისტოს ხეობის ერთ-ერთ სოფელში სერიოზული შეტაკება მოხდა ქისტებსა და ჩეჩენ ლტოლვილებს შორის.

როგორც ამ ცნობებშია აღნიშნული, ქისტებმა ჩეჩნებს ხეობის დატოვება მოთხოვეს. გარდა ამისა, ზოგიერთი მონაცემებით, შეტაკებისას დაშავდა ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის ძმა სალმანი, რომელიც ხეობაში თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ლტოლვილის სტატუსი სარგებლობს.

ამავე დროს, საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ შეტაკებისას ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ.

ჩეჩენი ლტოლვილების უკანასკნელი აღწერის თანახმად, ამჟამად პანკისის ხეობაში 3800-მდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)