დიმიტრი როგოზინი საქართველოს ტერიტორიაზე ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
(თბილისი, 19 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავჯდომარემ დიმიტრი როგოზინმა “როსიისკაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენებისთვის დამაჯერებელი მიზეზები უნდა არსებობდეს.
როგოზინის განცხადებით, ძალის გამოყენება შესაძლებელია, როდესაც სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე დახმარებას უწევს ტერორისტულ ორგანიზაციებს, თავშესაფარს აძლევს ტერორისტებს, არ შეუძლია აღკვეთოს ტერორისტთა გადასვლა მეზობელ ქვეყნებში, და უფრო მეტიც, უარს ამბობს საერთაშორისო თანამშრომლობაზე. დღესდღეობით, ყველა ეს პირობა საქართველოსთან მიმართებაში სახეზეა.
რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ქართული მხარე ჩეჩენი ტერორისტების მფარველობაში და პრობლემის ერთობლივად მოგვარების თაობაზე რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადების იგნორირებაში.
ქართული მხარის განცხადებით, პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგად ხეობაში არცერთი ტერორისტი და შეიარაღებული ჩეჩენი არ იმყოფება.
This post is also available in: English (ინგლისური)