ტურისტული სეზონი აფხაზეთში
(თბილისი, 22 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთსი დასასვენებლად ჩასული ტურისტების ოდენობამ ომამდელ პერიოდს მიაღწია [1992-92 წწ. შეიარაღებული კონფლიქტი], – ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრმა ასტამურ ადლეიბამ განუცხადა.
დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კონფლიქტამდე აფხაზეთში ტურისტების რაოდენობა წელიწადში 202 ათასს აღწევდა (ბოლო მონაცემები 1990 წლისაა).
ასტამურ ადლეიბას თქმით, გაგრასა და ბიჭვინთაში ტურისტული ობიექტები 80%-ითაა შევსებული, დამსვენებელთა გარკვეული რაოდენობა გალისა და ოჩამჩირის რაიონებშიც არიან. მინისტრის ინფორმაციით, გაგრაში ამ სეზონზე 45 ათას დამსვენებელზე მეტია ჩასული. ზუსტი მონაცემები მთლიანად აფხაზეთში ტურისტების ოდენობის შესახებ ცნობილი გახდება სექტემბერში 9 თვის შედეგების შეჯამებისას.
ასტამურ ადლეიბა მიესალმება ტურისტულ სფეროში კერძო ბიზნესის მოცულობის ზრდას და აცხადებს, რომ თუ არა აფხაზეთის ბლოკადა, ტურისტების ნაკადი უფრო დიდი იქნებოდა.
მისი თქმით, დამსვენებლები აფხაზეთში, ძირითადად, ჩადიან რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან და დსთ-ის სხვა ქვეყნებიდან. იგი აფხაზეთში ქართველ დამსვენებლებსაც ეპატიჟება, თუმცა, მისი თქმით, ეს შეუძლებელია კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებამდე.
ადლეიბას ინფლრმაციით, აფხაზეთში მსხვილი ტურისტული ობიექტების უმრაველობას სოხუმის მთავრობა ფლობს.
This post is also available in: English (ინგლისური)