საქართველოს ხელისუფლება “გაზპრომის” თანამშრომლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

(თბილისი, 29 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, რომელიც 27-28 აგვისტოს მოსკოვში იმყოფებოდა, რუსული ენერგოკომპანია “გაზპრომის” წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ხაბურძანიამ განაცხადა, რომ “გაზპრომი”, რომელმაც გასულ თვეს საქართველოსთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, შეშფოთებულია ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რომლებიც გარიგებას აკრიტიკებენ და ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.

“მე ვუთხარი “გაზპრომის” თანამშრომლებს, რომ ჩვენი პოლიტიკოსების განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ მათ თანამშრომლებს საქართველოში რაიმე საფრთხე ემუქრებათ”, – განაცხადა ხაბურძანიამ.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით მირცხულავა, რომელმაც ხელი მოაწერა “გაზპრომთან” შეთანხმებას, ასევე შეხვდა რუსული კომპანიის წარმომადგენლებს 28 აგვისტოს. თუმცა, მირცხულავას მოსკოვში ვიზიტის დეტალები უცნობი რჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)