ცსკო-ს ახალი თავჯდომარე პირობას დებს, რომ ობიექტური იქნება
(თბილისი, 1 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლადარჩეულმა თავჯდომარემ ნანა დევდარიანმა უარყო ოპოზიციური პარტიების მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ იგი თითქოს სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის მოკავშირე იქნება.
1999-2000 წლებში ნანა დევდარიანი სოციალისტური პარტიის წევრი და პარლამენტის დეპუტატი იყო. ამჟამად სოციალისტური პარტია სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაშია.
“ვეცდები არჩევნები სამართლიანად და ობიექტურად ჩავატარო. არავის მივცემ იმის ფიქრის საშუალებას, რომ რომელიმე პარტიას რაიმე შეღავათი ექნება. მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ხალხის ინტერესებით იქნება განპირობებული”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა 1 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი იმ სამ კანდიდატთა შორის იყო, რომლებიც ეუთომ და ევროსაბჭომ პრეზიდენტ შევარდნაძეს წარუდგინეს დასამტკიცებლად. დანარჩენ ორი კანდიდატი იყო დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე და პრეზიდენტან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი წევრი დავით უსუფაშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)