აშშ მიესალმება საქართველოს წარმატებებს ტრეფიკინგთან ბრძოლაში
(თბილისი, 12 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 2003 წლის 10 სექტემბერს აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეში.
აშშ კმაყოფილებას გამოთქვამს ამ მიღწევებით და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განაგრძოს ბრძოლა ადამიანთა მონობის ამ თანამედროვე ფორმის წინააღმდეგ.
ამერიკის მთავრობის მიერ 2000 წელს მიღებული ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტის საფუძველზე, 2003 წლის 11 ივნისს საქართველოს მესამე კატეგორიის ქვეყნის სტატუსი მიეკუთვნა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობა არ იღებს მნიშვნელოვან ზომებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
სამთვიანი განხილვის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხელახლა შეაფასა ტრეფიკინგის მდგომარეობა იმ 15 ქვეყანაში, რომლებიც მესამე კატეგორიაში მოხვდნენ.
სახელმწიფო მდივანმა გადაწყვიტა, 15-დან 10 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მეორე კატეგორია მიენიჭებინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)