საქართველო ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას აპროტესტებს
(თბილისი, 12 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელშიც იგი შეშფოთებას გამოთქვამს კრასნოდარის ოლქისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიერ თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით.
“დაუშვებელია, როცა რუსეთის ხელმძღვანელობა იგნირირებას უკეთებს მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტს”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრიეს მოადგილემ კახა სიხარულიძემ 12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
სიხარულიძის განცხადებით, სოხუმთან რაიმე ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად არღვევს რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას გულისხმობს.
სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს კრასნოდარის ოლქსა და აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის 9 სექტემბერს, კრასნოდარის გუბერნატორის სოხუმში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)