საქართველო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს

(თბილისი, 27 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები დღეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

თბილისის მერიამ და საკრებულომ დედაქალაქში ცალ-ცალკე სამახსოვრო დაფები გახსნეს.

“საქართველო გამთლიანდება. ჩვენ დავიბრუნებთ ცხინვალს, აფხაზეთს”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა სამახსოვრო დაფის გახსნის ცერემონიალზე.

“ბურჯანაძე-დემოკრატები” და აღორძინება ასევე ცალ-ცალკე გამართავენ შეხვედრებს აფხაზეთიდან დევნილებთან.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, სოხუმის დაცემის დღე – 27 სექტემბერი – ხსოვნისა და იმედის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედი ყველა ეკლესია აფხაზეთის ომში დაღუპულთა პარაკლისს გადაიხდის.

This post is also available in: English (ინგლისური)