ომალოში დაკავებულ ჩეჩენს დეპორტაცია ემუქრება

(თბილისი, 23 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართალდამცავმა ორგანოებმა სოფელ ომალოში მცხოვრები ჩეჩენი დააკავეს, რომელიც, შესაძლოა, დეპორტირებული იქნას საქართველოდან. ვახა ბუგიევი საქართველოში აზერბაიჯანიდან 2000 წელს შემოვიდა და ლტოლვილის სტატუსით სარგებლობდა ერთი წლის განმავლობაში.

2001 წელს მას ეს სტატუსი ავტომატურად მოეხსნა ხელახალი რეგისტრაციის არგავლის გამო. ამას თავად ვახა ბუგიევი იმ დროს თავისი ავადმყოფობით ხსნის.

ამჟამად იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს სათანადო დოკუმენტაციის მოძიება ბუგიევის დეპორტაციის მიზნით. ვახა ბუგიევს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში ედება ბრალი.

რაც შეეხება სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სამი ჩეჩენის დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ, სამართალდამცავი ორგანოები ამ ინფორმაციას “სივილ ჯორჯიასთან” საუბრის დროს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)