აშშ-ის დელეგაცია საქართველოს დროებით მთავრობასთან კონსულტაციებს გამართავს

(თბილისი, 2 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ლინ პასკო უხელმძღვანელებს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას, რომელიც საქართველოში 3-6 დეკემბერს ჩამოვა და დროებით მთავრობასთან შეხვედრებს გამართავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, დელეგაციის წევრები იქნებიან თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის, ხაზინის, თავდაცვის და იუსტიციის, ასევე ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები.

დელეგაციის წევრები შეხვდებიან მოქმედ პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს, სახელმწიფო მინისტრს ზურაბ ჟვანიას და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. შეხვედრების მთავარი თემა ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები იქნება.

დელეგაციის წევრები ასევე განიხილავენ იმ კონკრეტულ დახმარებას, რისი გაწევაც შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში მომავალი არჩევნების მომზადებისა და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების საქმეში.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)