ექსპრეზიდენტის მხარდამჭერზე თავდასხმა მოხდა

(თბილისი, 3 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – უცნობმა პირმა 2 დეკემბერს გვიან ღამით სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” სპიკერის ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ბინას ცეცხლი გაუხსნა.

სატელევიზიო ინტერვიუში ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ განაცხადა, რომ ვიღაცას მისი მოკვლა სურდა.

ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა თქმით, გასროლა მოპირდაპირე ბინიდან მოხდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ პირობა დადო, რომ საქმეს გამოიძიებდა. მან გამორიცხა, რომ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა ახდენდა ექსპრეზიდენტ შევარდნაძის მომხრეთა დევნას და დაშინებას.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ იმ ხალხის უსაფრთხოება, რომლებიც ამჟამად არსებული ხელისუფლების ოპოზიციაში იმყოფებიან”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცოტა ხნის წინ უშიშროების სამინისტრომ გააკეთა განცხადება პოლიტიკოსებზე, ბიზნესმენებზე და მედიის ხელმძღვანელ პირებზე მოსალოდნელი თავდასხმების თაობაზე ქვეყანაში ქაოსის გამოწვევის მიზნით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)