პაუელი საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

(თბილისი, 3 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მაასტრიხტში 2 დეკემბერს გამართული ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ამ შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს საქართველოში არსებული მდგომარეობისადმი.

ქვემოთ მოცემულია პაუელის კომენტარები საქართველოს შესახებ:

ერთ-ერთ საკითხს, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიჩინა შეხვედრის მონაწილეთა შორის, საქართველოში არსებული მდგომარეობა წარმოადგენდა. მოხარული ვარ, რომ მოქმედი პრეზიდენტი მზად არის ხელი შეუწყოს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მომავალ თვეში.

ახლა გადასაწყვეტია ერთდროულად ჩატარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, თუ არა. დარწმუნებული ვარ, ეუთო მნიშვნელოვან რულს შეასრულებს არჩევნების მომზადების საქმეში. ამერიკის შეერთებული შტატებიც მზად არის ტექნიკური და ფინანსური დახმარება გაუწიოს საქართველოს. მიმდინარე კვირას მე სპეციალურ ჯგუფს გავაგზავნი საქართველოში, რომელიც მოქმედ პრეზიდენტთან ერთად იმუშავებს არჩევნების მომზადებაზე.

როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ ყველა მზად ვართ პატივი ვცეთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველანაირად დავეხმაროთ ქართველ ხალხს მათთვის ამ უმძიმეს პერიოდში. ქართველ ხალხს უნდა სჯეროდეს ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობისა.

გვჯერა, რომ რუსეთი შეასრულებს 1999 წელს სტამბულის სამიტზე აღებულ ვალდებულებებს [ბათუმიდან და ახალქალაქიდან სამხედრო ბაზების გამოყვანის თაობაზე]. ვწუხვარ, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ამ ვალდებულების წლის ბოლომდე შესრულება, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)