ოფიციალური რუსეთი ქართულ მხარეს ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტის გამო პასუხს სთხოვს

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩს რუსეთში ზურაბ აბაშიძეს 3 დეკემბერს ნოტა გადასცა, რომელშიც იგი ქართული მხარისგან ახსნა-განარტებას მოითხოვს, თუ რატომ არ მოხდა შესაბამისი სტრუქტურების მიერ თბილისში მყოფი რუსი ბიზნესმენის ბორის ბერეზოვსკის დაკავება და რუსეთში ექსტრადირება.

ბორის ბერეზოვსკი, რომელიც რუსეთის მიერ იძებნება სახელმწიფო სახსრების მითვისების გამო, თბილისში 3 დეკემბერს შუაღამისას ლონდონიდან სპეცრეისით ჩამოფრინდა. მისი დოკუმენტები პლატონ იელენინის სახელზე იყო გაფორმებული.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ აღნიშნულ პიროვნებას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, იგი არ იძებნებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ და მისი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

ბორის ბერეზოვსკი თბილისში თავისი კომპანიონის ბადრი პატარკაციშვილის თვითმფრინავით ჩამოფრინდა, 5 საათი იმყოფებოდა თბილისში და ისევ ლონდონში დაბრუნდა.

მოგვიანებით, როგორც ბერეზოვსკიმ თავად განაცხადა, იგი თავის მეგობარს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს შეხვდა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)