ოპონენტები ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ
(თბილისი, 8 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ახლად შექმნილი პოლიტიკური გაერთიანების “ალიანსი დემოკრატიული საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი გოგავა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. “ხელისუფლებაში მყოფი პირები კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით მოქმედებენ – მათ ძალისმიერი მეთოდებით ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება და ამით კონსტიტუცია დაარღვიეს. ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას, თუმცა არც იმის იმედი გვაქვს, რომ სასამართლო შესაბამის დადგენილებას გამოიტანს”, – განაცხადა ირაკლი გოგავამ 8 დეკემბერს პარლამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მისი თქმით, დროებითი ხელისუფლების მხრიდან გრძელდება თანამდებობებისთვის ბრძოლა და “სკამების რევოლუცია”. დღესვე ირაკლი გოგავამ გაავრცელა ინფრომაცია, სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილი ლევან მამალაძის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. მისი თქმით, ლევან მამალაძე საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან და არც აპირებს დაბრუნებას. ამჟამად, ლევან მამალაძე საქართველოში არ იმყოფება. მასზე სისხლის სამართლის საქმე გენერალურმა პროკურატურამ 5 დეკემბერს აღძრა სახელმწიფო ქონების უკანონო მისაკუთრების მუხლით.
This post is also available in: English (ინგლისური)