ევროკავშირი საქართველოს დახმარებას პირდება


(თბილისი, 9 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 8 დეკემბერს ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს საქართველოს დროებით მთავრობას მხარი დაუჭირეს და დახმარება აღუთქვეს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საქმეში.


“ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს თავის მხარდაჭერას საქართველოს დროებითი მთავრისადმი და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას სიმშვიდე შეინარჩუნონ არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.


ევროკავშირი იმედოვნებს, რომ საქართველოში მოვლენები კონსტიტუციის ფარგლებში განვითარდება.


დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.


ევროკავშირი მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს არსებულ რთულ ვითარებაში. ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაცია სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის ხელმძღვანელობით ახლო მომავალში საქართველოში ჩამოვა, რათა გამოხატოს ევროკავშირის მხარდაჭერა დროებითი მთავრობისადმი, ასევე განსაზღვროს, თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთვის გარდამავალ პერიოდში და შემდგომში.


ევროკავშირი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს მიერ კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმირების აუცილებლობას.


“ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან, ისევე როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანთან, ეფუძნება პარტნიორობისა და თანამშრომლობის თაობაზე აღებულ ვალდებულებებს. ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებს გააღრმავონ ურთიერთობები ევროკავშირთან”, – ნათქვამია დოკუმენტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)