ევროკავშირი საქართველოს დახმარებას აღუთქვამს
![]() |
| სოლანა: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. |
საქართველოს თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებთან, საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება და ახალი ხელისუფლების სამომავლო გეგმების გაცნობა, ეს იყო ხავიერ სოლანას თბილისში 14-15 იანვარს შემდგარი ვიზიტის მთავარი მიზანი.
“ვეცდებით მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ახალ ხელისუფლებასთან. მათი მხრიდან ახალი პრიორიტეტების შემუშავების შემდეგ გავუწევთ დახმარებას. ჩვენ ასევე ყურადღებას მივაქცევთ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ყველა ღონისძიებას, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროს”, – განაცხადა ხავიერ სოლანამ ბრიფინგზე, რომელიც კანცელარიაში მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
“ევროპა ორად იყოფა – ძველი და ახალი ევროპა, საქართველო უძველესი ევროპაა [მინიშნება გაკეთდა საქართველოზე, როგორც ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქვეყანაზე], ხავიერ სოლანა კი ახალი ევროპის წარმომადგენელია. ჩვენ მივესამებით ახალ ევროპას. მათ მხარდაჭერას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის გამოთქმული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მხარდაჭერაა”, – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა ხავიერ სოლანასთან შეხვედრის შემდეგ.
ხავიერ სოლანას განცხადებით, საქართველომ უნდა ითანამშრომლოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საუბარი საქართველოში რუსების ბაზების საკითხსაც შეეხო. ხავიერ სოლანა ამ საკითხთან მიმართებაში რუსეთს 1999 წელს სტამბულის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას ახსენებს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია ხელშეკრულებით აღებული პირობები შეასრულოს.
“1999 წელს სტამბულის სამიტი ეუთოს ეგიდით ჩატარდა და ყველა იმ ევროპულმა ქვეყანამ, რომლებიც მასში მონაწილეობას იღებდნენ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულონ ხელმოწერილი ხელშეკრულებებით გათვალიწინებული ვალდებულებები. მათ შორის რუსეთმაც – რაც ბაზების გაყვანის საკითხს ეხება. ვიმედოვნებ, რომ რუსეთი აღებულ ვალდებულებას შეასრულებს”, – განაცხადა ხავიერ სოლანამ.
“სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ჩვენ რუსეთთან გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს და დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარის კეთილი ნების გამოხატვით შევძლებთ ამ საკითხის დადებითად მოგვარებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-რუსეთის შემდგომი ურთიერთობების განვითარებას”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თედო ჯაფარიძემ.
რაც შეეხება რუსეთის მხარის მიერ დაყენებულ ფინანსურ საკითხს ბაზების გაყვანის თაობაზე, კერძოდ კი 500 მლნ დოლარს, ჯაფარიძის თქმით, ეს თანხა აბსურდულია და ქართულ მხარეს არა აქვს მისი გადახდის არანაირი შესაძლებლობა.
“ჩვენ მზად ვართ ყველა სახის დახმარება გავუწიოთ საქართველოს, მათ შორის ფინანსურიც, მაგრამ რაც შეეხება ამ თანხის ნაწილის გადახდას, ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ხავიერ სოლანამ.
მისი თქმით, ევროკავშირი ასევე მზად არის, თუ შესაბამისი პირობები შეიქმნება, საქართველოში არსებულ კონფლიქტის ზონებში საკუთარი ახლად შექმნილი სამშვიდობო ძალები გაგზავნოს.
“სამშვიდობო მისიას ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ავიღებთ. ამ საკითხის გადაწყვეტისთვის მხოლოდ ქართული მხარის ნება არ კმარა; საჭიროა გაეროს მხრიდან შესაბამისი მანდატის მოპოვება. თუ ამის საჭიროება იქნება და ამ მანდატსაც მოვიპოვებთ, მზად ვართ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა მივიღოთ. ახლა უნდა დაველოდოთ უშიშროების საბჭოს გადაწყევტილებას და ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ საქმეში. ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს ქართულ მხარეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში”, – განაცხადა ხავიერ სოლანამ.
თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის გატანა ნაკლებად რეალურია, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი, როგორც საბჭოს მუდმივი წევრი, ვეტოს უფლებით სარგებლობს.
ევროკავშირი ასევე დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოში 28 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას და მზადყოფნას გამოთქვამს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საკითხში.
“თუ იქნება მოთხოვნა ქართული მხარის მხრიდან, ჩვენ დავეხმარებით, როგორც ფინანსურად და ტექნიკურად, ასევე დამკვირვებლებითაც, როგორც ეს აქამდე ხდებოდა”, – აღნიშნა ხავიერ სოლანამ.
“ჩვენი შეხვედრის დროს მთავარი აქცენტი, სწორედ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთდა. ევროკავშირი მზად არის შესაბამისი დახმარება გაგვიწიოს, რათა შესაძლებელი გახდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რაც ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, ხავიერ სალანას თქმით, ამისათვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
“ხავიერ სოლანას ვიზიტი ფორმალური ხასიათის არ არის. ეს გამოხატულებაა იმისა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დიალოგი აქტიურ ხასიათს მიიღებს. უმოკლეს პერიოდში ჩამოყალიბდება პრიორიტეტები და ევროკავშირი შესაბამის დახმარებებს გაგვიწევს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა, რომლის ინფორმაციით უმოკლეს პერიოდში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც უკვე დეტალურად იქნება განხილული მომავალი თანამშრომლობის საკითხი.
“ჩვენ ახალ ხელისუფლებას არანაირ მესიჯს არ ვუგზავნით, პირიქით მათგან ველოდებით მესიჯებს. ჩვენი მთავარი მიზანია ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული პრიორიტეტების გაცნობა, თუ რა სახის დახმარებას საჭიროებს საქართველო. ევროკავშირსა და საქართველოს რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ახლა ეს თანამშრომლობა უფრო უნდა გაღრმავდეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ . ამის ერთ-ერთი დასტურია ისიც, რომ ევროკავშირს ჰეიკი ტალვიტიეს სახით თავისი წარმომადგენელი ჰყავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში , რომლის დახმარებითაც ხორციელდება თანამშრომლობა ამ ქვეყნებთან”, – განაცხადა ხავიერ სოლანამ.
