გია ჯოხთაბერიძე აეროპორტში დააკავეს
პროკურატურას შევარდნაძის სიძისთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებია. |
დღევანდელ ოპერაციას აეროპორტში თავად გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი ესწრებოდა. მისი განცხადებით, გია ჯოხთაბერიძესთვის ჯერ-ჯერობით ბრალი არ წაუყენებიათ. “მისი დაკავება მოხდა ერთი მოტივით, იგი გაფრთხილებული იყო არ დაეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია, რადგან მიმდინარეობს გამოძიება “მაგთიკომთან” დაკავშირებით და მან იცოდა, რომ შესაძლოა გამოძიებას დასჭირვებოდა მისი დაკითხვა” – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
ამჟამად გია ჯოხთაბერიძე გადაყვანილია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში. ჯერ-ჯერობით მისი დაკითხვა არ მიმდინარეობს.
გენერალური პროკურატურა კომპანია “მაგთიკომის” საქმიანობას იძიებს. კომპანიას და მის ხელმძღვანელობას გადასახადების დამალვაში ედებათ ბრალი. ეს ბრალდება 19 თებერვალს უარყო თავად გია ჯოხთაბერიძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე. არსებული დარღვევების გამოძიების გამო გია ჯოხთაბერიძე პროკურატურაში მოწმის სახით ორჯერ უკვე დაიკითხა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)