დამკვირვებლები ამომრჩეველთა სიების ფორმირებით უკმაყოფილონი არიან
![]() |
| ამომრჩეველს საკუთარი თავის სიაში გადამოწმება 8 მარტიდან შეუძლია. |
ამ დროისათვის კომპიუტერში დაახლოებით 2 მლნ 200 ათასი ადამიანის მონაცემია განთავსებული. ამ არჩევნების დროსაც მოხდება ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია. კომისიის გადაწყვეტილებით არჩევნების დღეს იარსებებს ორი სია, ერთი უკვე კომპიუტერში შეყვანილი ამომრჩევლების და მეორე ხელნაწერი. ამ უკანასკნელში ის ამომრჩეველი შევა, რომლებიც 8-დან 21 მარტამდე გაივლიან წინასწარ რეგისტრაციას.
კომისიის მუშაობას სიების გადამოწმების და დაზუსტების მხრივ უარყოფითად აფასებენ ფონდი “სამართლიანი არჩევენბი” და აცხადებს, რომ შესწორებების შესატანად, უბნების დონეზე არ გადამოწმებულა ამომრჩეველთა მონაცემები – სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი. სიებში შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში კი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ცალკე პრობლემად რჩება აჭარის ამომრჩეველთა სიები. ჯერ კიდევ უცნობია, რომელი სიებით მოხდება ავტონომიურ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. არჩევნებზე დამკვირვებელთა თქმით თუ აჭარის ხელისუფლებამ კვლავაც 2 ნოემბრის არჩევნების დროინდელი სიები გამოიყენა, სადაც 300,000-მდე ამომრჩეველია შეყვანილი, მაშინ რეგიონში არჩევნები თავიდანვე გაყალბებისთვის არის განწირული.
“არ არის გამორიცხული აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნები 2 ნოემბრის არჩევნებში გამოყენებული სიებით ჩაატაროს, რაც დაუშვებელია და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “სამართლიანი არჩევნების” წარმოამდგენელმა ზაზა დარასელიამ.
აჭარის სიებთან დაკავშირებით პრეტენზიები გააჩნიათ თავად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და რეგიონის ხელმძღვანელობიდან იმ სიების გადმოგზავნას ითხოვს, რომლის მიხედვითაც 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 80 ათასი შეადგინა. კომისია ასევე აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციისგან ითხოვს მოხდეს ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ სიებში ის ამომრჩეველიც შევიდეს, რომლებმაც 4 იანვრის არჩევნებში მომაწილეობა არ მიიღეს.
“ჩევნ უნდა განვსაზღვროთ დამატებითი ვადები მათთვის ვისაც არ გაუვლია რეგისტრაცია და 2,2 მილიონიან სიაში არ მოხვედრილა. საპარლამენტო არჩევნებამდე აჭარის საუბნო კომისიებს მიეცემათ საშუალება, რომ რეგისტრაციაში გაატარონ ყველა ამომრჩეველი, რომელიც 4 იანვარს არ დარეგისტრირებულა” – აცხადებდა “სივილ ჯორჯიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ცსკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი.
აჭარაში ირწმუნებიან, რომ თბილისში სიები აუცილებლად გადმოიგზავნება, თუმცა აღიარებენ, რომ ეს არ იქნება სრულყოფილი.
“აჭარიდან სიების გადმოგზავნა 4 მარტს მოხდება. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით სიების გადამოწმება, თუმცა ეს არ არის დაზუსტებული, სრულყოფილი სიები” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ედნარ შამილაშვილმა.
მისი თქმით, აჭარში ამ დროისათვის ამომარჩეველთა რაოდენობა დაახლეობით 91 ათასს აღწევს.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა პოლიტიკურ პარტიებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს უკვე მოუწოდა გადაამოწმონ აჭარის სიები მას შემდეგ რაც ეს სიები ხელმისაწვდომი გახდება. როგორც ჩანს ამ სიების გადამოწმებაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებლობას იხსნის.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან საარჩევნო პროცედურებში, მათ შორის “სამართლაინი არჩევნები” მზად არიან აჭარიდან გადმოგზავნილი სიები, იმ შემთხვევაში თუ ხელმისაწვდომი გახდება, გადაამოწმონ.
“ჩვენ იმ შემთხვევაში თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია აჭარის სიების ეგზემპლარს გადმოგვცემს გადავამოწმებთ და შევძლებთ დადგენას თუ რამდენად რეალური სიებია” – განაცხადა ზაზა დარასელიამ.
ხოლო თუ ვერ მოხდება აჭარის ამომრჩევლის სიების გადამოწმება და არჩევნები მცდარი სიებით ჩატარდება, სამართლიანი არჩევნები შემდეგი რეაგირებისთვის უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, რათა დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს აჭარიდან გამოგზავნილი არჩევნების საბოლოო შედეგების ბათილად ცნობა.
“ჩვენ დარღვევბი არ გამოგვეპარება რადგანაც თავად გვეყოლება ჩვენი წარმომაგგენელი ყველა საარჩევნო უბანზე, მათ შორის აჭარის 300-მდე უბანზე მობილიზებული იქნებიან ჩვენი წევრები” – განაცხადა ზაზა დარასელიამ.
ის რომ ამომრჩეველთა სიები დაზუსტებული არ არის და კვლავ არსებობს ცდომილების ფაქტორი თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილიც აცხადებს. თუმცა კომისია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს ამომრჩეველთა რეალურ რაოდენობასთან დაახლოება, რათა შესაძლებელი გახდეს არჩევნების ამ განხრით მაინც ნორმალურად ჩატარება.
დღეისათვის კომისიის დადგენილების მიხედვით ამომრჩეველთა წინასწარი სიები უბნებზე 8 მარტს გამოიკვრება, 21 მარტამდე ამომრჩეველს საშუალება ექნება შეამოწმოს არის თუ არა საარჩევნო სიებში. არ ყოფნის შემთხვევაში ამომრჩეველს უფლება აქვს მიმართოს განცხადებით საუბნო კომისიას და გაიაროს რეგისრაცია. სიების დაზუსტება უბნებში კი 23-დან 27 მარტის ჩათვლით მოხდება.
