სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო პროგრამა სოციალურ საკითხებზეა ორიენტირებული







მიხეილ მაჭავარიანმა და მაია ნადირაძემ
“ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების”
საარჩევნო პლატფორმა წარმოადგინეს.
“ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის” ეკონომიკური ზრდის, გრძელვადიანი სტაბილურობისა და ევროინტეგრაციის გზით – ასეთია სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა, რომლის პრეზიენტაცია “არჩევნების მედია-ცენტრში” ექსპერტების თანდასწრებით მოეწყო.

9 მარტს მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” საარჩევნო პლატფორმის წარმოდგენით “არჩევნების მედია ცენტრმა” პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების პრეზენტაციათა სერია დაიწყო.

სახელისუფლებო პარტიის 24 გვერდიანი სამოქმედო პროგრამა 2004-2009 წლებზეა გათვლილი და ძირითადი აქცენტი, სოციალური საკითხების მოგვარებასა და ეკონომიკის განვითარებაზეა გაკეთებული. ეს პროგრამა ძირითადად, ახალი მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს, რომელიც მინისტრებთან ერთად პარლამენტმა თებერვალში დაამტკიცა.

“დღეს რაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ჩვენ ხალხს ეს სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და ჩვენი პროგრამაც სხვა საკითხების პარალელურად ამასაც ითვალსიწინებს” – განაცხადა პროგრამის პრეზენტაციის დასაწყისში პარტიის საარჩევნო სიაში პირველ ადგილზე მყოფმა მაია ნადირაძე.

პარტიის ლიდერების განცხადებით, პირველ ამოცანად ხელისუფლების წინაშე დგას რეფორმების გატარება ყველა სფეროში, რასაც საფუძვალდ დაედება ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრა, გამჭირველეობისა და საზოგადოებივი მონიტორინგის გაძლიერება. 

“ამისათვის საქართველოში მკვეთრად უნდა გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო და შეიქმნას მხცირე და საშუალი ზომის საწარმოთა განვითარების შესაძლებლობები. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს საინვესტიციო გარემოს შექმნა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა არ უნდა იყოს დამოკიდებული ცალკეულ უცხოელ ბიზნესმენებთან პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან კარგ თუ ცუდ ურთიერთობაზე. ბიზნესს უნდა იცავდეს კანონი და ჩვენ ამას გავაკეთებთ” – განცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

სახელისუფლებო პარტიის სამოქმედო პროგრამის მიხედვით ხელისუფლება პენსიების 6 ლარით გაზრდას არჩევნების შემდეგ, აპრილის თვიდან აპირებს, რაც სავარაუდოდ 14 ლარიდან 20 ლარს შეადგენს. “ნაციონალურ მოძრაობა – დემოკრატების” დაპირებით 2004 წელს მოხდება 18 მილიონი ლარის ოდენობის საპენსიო დავალიანების დაფარვა და 8 მილიონი ლარის ოდენობის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დავალიანებების გადახდა. ხელისუფლება დევნილებს კი შემწეობებში არსებული დავალიანებების სრულ დაფარვას პირდება.

ამ დაპირებების მიუხედავად პროგრმაში ნახსენები არაფერია სახელფასო მინიმუმის საარსებო მინიმუმამდე – 115 ლარამდე მიახლოების შესახებ. ამ წინადადების შესახებ კანონპროექტი, გასული წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, პარლამენტში “გაერთიანებული დემოკრატების” და მისი თავმჯდომარის, ახლა კი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მიერ იქნა წარდგენილი.

მაშინ ამ თემამ და ჟვანიას კატეგორიულმა მოთხოვნამ რომ სახელფასო მინიმუმი საარსებო მინიმუმს გათანაბრებოდა ახლად შექმნილი “გაერთიანებული დემოკრატების” პოპულარიზაციაზე კარგად იმუშავა. 

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი რევაზ საყევარიშვილი, რომელიც სახელისუფლებო ბლოკის პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდა, განაცხადა, რომ როდესაც ჟვანიამ აღნიშნული ინიციატივა წარმოადგინა “ანუ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს, გაცილებით უარესი ვითარება იყო ქვეყანაში ეკონომიკის დარგში ვიდრე ახლა.”

“ამის მიუხედავად სახელისუფლებო პარტიის პროგრამაში 115 ლარის შესახებ არაფერია ნათქვამი,” –  დასძინა ექსპერტმა.

“ეს პროგრამა წარმოდგენილი იყო იმ მოტივით, რომ ხელისუფლება ბიუჯეტში შემოსავლების 350 მლნ-მდე ზრდას გვპირდებოდა, ჩვენ სწორედ ამ რესურსის გამოყენება გვსურდა ხელფასების გაზრდის მოტივაციით, ახლა კი ეს ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, თუმცა ჩვენი პრიორიტეტია ხელფასების გაზრდა და უფრო მეტი ადამიანის დასაქმება, ამისათვის კი შესაფერისი გარემოს შექმნაა ჯერ საჭირო” – დასძინა მაია ნადირაძემ.


თუმცა როდის მოხდება მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხის დაყენება ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება.

პროგრამაში სახელისუფლებო პარტიას თავიანთი ხედვა აქვთ ჩამოყალიბებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ეს უნდა მოხედეს მოლაპარაკებების გზით.

“ეს იყო პოლიტიკური კონფლიქტი და არა ეთნიკური. ის რომ აფხაზეთის საკითხის მოგვარების გასაღები რუსეთში დევს, ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებთ და ვაცხადებთ, რომ ყოველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული,” – განაცხადა მაია ნადირაძემ.

საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად სახელისუფლებო პარტიის პრიორიტეტად ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია რჩება.

დავით ლოსაბერიძე “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტიდან” აცხადებს, რომ სახელისუფლებო ბლოკის პროგრამაში ნახლებად არის ლაპარაკი ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობაზე.

“პროგრამაში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მმართველობითი სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმას, ადგილობრივი თვითმართველობის გაძლიერებას. მართალია პროგრამა გარკვეულ საკითხებს ითვალისწინებს ამ მიმართულებით, მაგრამ საჭიროა უფო კონკრეტული მსჯელობები ამ თემაზე”- განაცხადა დავით ლოსაბერიძემ.

“ის რაც არის წარმოდგენილი აუცილებლად განსახორციელებელია ჩვენ ქვეყანაში და ის პრიორიტეტებია ჩამოყალიბებული, რასაც ნებისმიერი პოლიტიკური ძალა მოაწერდა ხელს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნაკლებად არის წარმოდგენილი გზები თუ როგორ აპირებს ეს ხელისუფლება ამ პროგრამით გათვალისწინებული საკითხების განხორციელებას. ამ ეტაპზე სწორედ ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რაც პროგრამაში არ აისახება” – განუცხადა “სივილ ჯოირჯიას” ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში რევაზ საყევარიშვილმა.