აჭარის ბლოკადა ძალაშია







ბათუმის პორტში შესვლა მხოლოდ პრეზიდენტის
ნებართვით არის შესაძლებელი.
აჭარის ხელმძღვანელობა და მისი მოსახლეობა უკვე განიცდის ცენტრალური ხელისუფლების მიერ 16 მარტს დაწესებული ეკონომიკური სანქციების პირველ შედეგებს.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მარტს ოფიციალურად განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბლოკადის შემოღების თაობაზე.
 
საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 16 მარტს ათამდე გემს ბათუმის პორტში შესვლის უფლება არ მისცა. იქ საქართველოს სანაპირო დაცვა ოცდაოთხსაათიან პატრულირებას ახორციელებს. აჭარაში ასევე აიკრძალა ყველა სახის საბანკო ოპერაცია.
 
„ჩვენ ვაცნობეთ გემებს, რომ ბათუმის პორტში შესვლა აკრძალულია; ამიტომ ყველა ის გემი, რომელიც დღეს ბათუმის პორტში შესვლას აპირებდა, ფოთის პორტისკენ გაიგზავნა,“ – განაცხადა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ბადრი ბიწაძემ.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 16 მარტს მიღებული ბრძანებულების თანახმად, გემებს მხოლოდ პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ მიეცემათ უფლება ბათუმის პორტში შევიდნენ.
 
აჭარის ლიდერი, რომელიც ამჟამად ბათუმში მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს მასპინძლობს, შეშფოთებულია საზღვაო გზის ჩაკეტვით. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ აჭარის ლიდერმა მას დღის განმავლობაში ორჯერ დაურეკა.
 
„როგორც ჩანს იგი შეშფოთებულია ცენტრალური ხელისუფლების მოქმედების გამო.  მას ეგონა, რომ ჩვენ მხოლოდ განცხადებებით შემოვიფარგლებოდით და ჩვენი გადაწყვეტილებები ძალაში არ შევიდოდა“, – განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს ფოთში.
 
„ავტონომია მთლიანად იზოლირებულია აბაშიძის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც 15 მარტს ფოთში შექმნილ ანტი-კრიზისულ ცენტრს ჩაუდგა სათავეში. 
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ 16 მარტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყველანაირი საბანკო ოპერაციის შეწყვეტის თაობაზე გააკეთა განცხადება.
 
ეროვნულმა ბანკმა აჭარის საზღვაო ბანკის ლიცენზია გამოითხოვა. აჭარის ხელისუფლების მიერ ყველა ფინანსური ოპერაციის განხორციელება სწორედ საზღვაო ბანკის მეშვეობით  ხორციელდებოდა. 
 
ირაკლი მანაგაძემ განაცხადა, რომ ასევე აეკრძალათ ყველა კომერციული ბანკის ფილიალს აწარმოონ საქმიანობა აჭარაში.


იმ ორგანიზაციების ანგარიშები, რომელთა საქმიანობაც აჭარის ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, გაყინულ იქნა.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, სანქციები მხოლოდ აჭარის ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება და არანაირად არ არის მიმართული აჭარის მოსახლეობის წინააღმდეგ. თუმცა, როგორც სჩანს, ბლოკადა უკვე მოსახლეობასაც შეეხო. 
 
ჯერ-ჯერობოთ უცნობია, თუ როგორ მოხდება ხელფასებისა და პენსიების დარიგება რეგიონში, რადგანაც აჭარის ბანკებს ფინანსური ოპერაციების განხორციელება აეკრძალა. არსებული ინფორმაციით, ბათუმში ფასები გაიზარდა.
 
აჭარის ხელისუფლებამ 23.00-დან 7.00-მდე კომენდანტის საათი შემოიღო.
 
საერთაშორისო საზოგადოება მზად არის ბათუმსა და თბილისს დაძაბულობის შემსუბუქებაში დაეხმაროს. ვაშინგტონი, მოსკოვი, ბაქო და ანკარა უკვე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 მარტს განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა აღუთქვა.    
 
მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.
 
„სახელმწიფო მდივანმა სთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილს ყველა ღონე იხმაროს აჭარაში სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარემ ადამ ერელიმ 15 მარტს ვაშინგტონში.
 
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 მარტს განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მან განაცხადა, რომ „აჭარა საქართველოს ნაწილია და სტაბილურობა კავკასიაში როგორც თურქეთის, ასევე მთელი რეგიონის ინტერესებში შედის“.
 
საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან 16 მარტს გამართული  შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვის პოზიცია აჭარის პრობლემასთან დაკავშირებით ნეიტრალურია.
 
რუსი დიპლომატის თქმით, ბათუმში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზას ნაბრძანები აქვს „შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი.“
 
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვილაიათ გულიევი ასევე გამოხატა შეშფოთება აჭარაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და არ გამორიცხა, რომ ამან „შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაზე მოახდინოს ზეგავლენა“.
 
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადების საშუალებით მოხდება აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით თურქეთში. 
 
როგორც BP-ის თბილისის ოფისის სანდო წყარომ „სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, აჭარის საზღვრების დაკეტვამ ხელი შეუშალა ბათუმის პორტში ტრანსპორტირებულმა ნავთბსადენის მილების გადატამან მშენებლობის ადგილზე.
 
თუმცა, წყაროს განცხადებით, ყველაფერი ეს ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის სერიოზულ შეფერხებას არ გამოიწვევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)