ქართული ქვედანაყოფი ერაყში გაემგზავრა

159 ჯარისკაცისგან შემდგარი ქართული ქვედანაყოფი დღეს სამშვიდობო მისიით ერაყში გაემგზავრა. 55 სამხედრო, მათ შორის გამნაღველები და ექიმები, მათ ერთი თვის შემდეგ შეუერთდებიან. 


ახალი ქართული ქვედანაყოფი ჩაენაცვლა 70 გამნაღველისა და ექიმისგან შემდგარ პირველ ქართულ ქვედანაყოფს, რომელიც ერაყის ქალაქ  ტიკრიტში 2003 წლის აგვისტოს გაემგზავრა და მარტის დასაწყისში საქართველოში დაბრუნდა. 


ქართველი სამშვიდობოები ერაყში ქალაქ ბაღდადში, ბეიჯსა და ტიკრიტში განლაგდებიან.


„მისია, რომელიც თქვენ დღეს გაკისრიათ, ადვილი არ არის, მაგრამ თქვენ კარგად ხართ მომზადებული, რათა გაუმკლავდეთ ყველა იმ სირთულეებს რაც წინ გელით. თქვენ საუკეთესოდ მომზადებული და აღჭურვილი ჯარი ხართ, რომელიც საქართველოს ყოლია დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა ჯარისკაცთა გაცილებისას.


მე-16 სამთო ბატალიონის სამხედროები, რომელთაც გასული წლის გაზაფხულზე „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში სამთვიანი წვრთნა გაიარეს,  აშშ-ს სამხედრო ძალებთან ერთად განახორციელებენ ბაზის ტერიტორიის დაცვას, ბაზის გამშვებ-პუნქტზე მორიგეობას, ბაზის გარეთ არსებული კოალიციური ძალების ობიექტების დაცვას. მოეწყობა ასევე რეიდები როგორც დღისით, ისე ღამით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)