აშშ მადლიერია ერაყის ოპერაციაში საქართველოს წვლილის გამო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა 26 აპრილს მადლობა მოუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას „იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აღმოუჩინა ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, კერძოდ ერაყში აღმოჩენილი დახმარებისთვის“.


„ამერიკელი ხალხისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის ფაქტი, რომ საქართველო ჩვენს გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში“, – განუცხადა კოლინ პაუელმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში ზურან ჟვანიასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


საქართველომ აპრილის დასაწყისში ერაყში 159 ჯარისკაცი გააგზავნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ივნისისთვის საქართველო კიდევ დამატებით 500 ჯარისკაცს გააგზავნის ერაყში.


„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. საქართველო კვლავაც განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას ამ ომში, რომელსაც როგორც ჩვენ საკუთარ ომს ისე ვუყურებთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)