სააკაშვილი აფხაზ და ოს ხალხს მეგობრობის ხელს უწვდის
სააკაშვილმა სიტყვა საქართველოს ახალი |
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის გამთლიანების შესახებ განცხადება გააკეთა და აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეებს თავიანთ ენებზე მიმართა.
„აფხაზ ძმებს მინდა მივმართო ერთიანი სახელმწიფო კავშირის აღდგენის შესახებ. მზად ვარ ყველანაირი სახელწმიფო მოდელის განხილვის დაწყებისათვის, აფხაზებს მოვუწოდებ დაიწყონ მოლაპარაკებები. ოს ძმებს მივმართავ გაითვალისწინონ ქართული სახელმწიფოს ინტერესები და ჩვენც გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს“, განაცხადა დღეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დაწყების წინ საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის განიხილოს ქვეყნის ფედერალური მოწყობის მოდელი და აფხაზეთისთვის ფართო ავტონომიის მინიჭების საკითხი. „ჩვენ აფხაზებს და ოსებს მეგობრობის ხელს ვუწვდით“, განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე მიმართა მთელ ქართველ ერს იყოს მიმტევებელი და აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც გასულ წლებში მოხდა და რასაც ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. „ვიყოთ მიმტევებლები და ამასთანავე მომავალში აღარასოდეს ვაჩვენოთ მტერს ზურგი. დარწმუნებული ვარ, თუ ქართველ ხალხს სურს გაერთიანება, არ არსებობს მსოფლიოში ძალა, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუშლის“, დასძინა პრეზიდენტმა.
“ჩემი პრეზიდენტობის მთავარი მიზანი საქართველოს დაბრუნებაა, ამაში ვგულისხმობ ქვეყნის გაერთიანებას და ქართვლი ერის მთლიანობას. ძალა ერთობაშია, ამაში ჩვენი ისტორიაც გვარწმუნებს. საქართველო თითოეულმა ქართველმა უნდა შექმნას“, დასძინა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)