სააკაშვილი აფხაზეთის მშვიდობიანად დაბრუნების გეგმას ძალების დემონსტრირების ფონზე აცხადებს







სააკაშვილის განცხადებით ორიოდე წელიწადში
საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო
შეიარაღებული ძალები ეყოლება რეგიონში.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ სამხედრო აღლუმში მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების 5,000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე  და მძიმე ტექნიკის ასამდე ერთეული მიიღებს.  
 
საქართველოს მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 მაისს განაცხადა, რომ „აღლუმის მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების დემონსტრირებაა.“ 

მან პირობა დადო, რომ ორიოდე წელიწადში ქართული არმია საუკეთესო გახდება რეგიონში. „არმიაში 15-16 ათასი კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცი და ოფიცერი იქნება. ამისათვის ორი წელიწადი გვჭირდება“, დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
 
სააკაშვილის განცხადებით, რომელიც თბილისის გარდა, ბათუმში დაგეგმილ საზღვაო აღლუმსაც დაესწრება, განაცხადა, რომ საქართველოს მის პრეზიდენტობამდე სამი სამხედრო თვითმფრინავი, შვიდი სამხედრო ვეტმფრენი და „მხოლოდ რვა მუშა მდგომარეობაში მყოფი საბრძოლო ტანკი ჰყავდა, ისიც საწვავის გარეშე.“
 
„დღეს საქართველოს მძიმე ტექნიკის ასამდე ერთეული ჰყავს, 20 სამხედრო ვეტმფრენი და შვიდი სამხედრო თვითმფრინავი“, განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ ძალების დემონსტრირება 26 მაისის სამხედრო აღლუმზე მოხდებოდა. 
 
მისი თქმით, ასევე გაიზარდა შინაგანი ჯარის შესაძლებლობებიც. „შინაგანი ჯარის ჯარისკაცები და ოფიცრები არანაკლებ კარგად არიან გაწრთვნილები, ვიდრე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ გაწრთვნილი ჯარისკაცები [წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში]“, დასძინა სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტი ასევე  აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თემას შეეხო. 26 მაისს იგი აპირებს ისაუბროს აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის დეტალებზე, რომელსაც თბილისი აფხაზურ მხარეს შესთავაზებს.
 
„თუ თქვენ ჰკითხავთ ნებისმიერ ქართველ ჯარისკაცს: რატომ მსახურობს იგი შეიარაღებულ ძალებში, იგი გიპასუხებთ – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, განაცხადა სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტის განცხადებით, თბილისი აფხაზურ მხარეს სთავაზობს “ასიმეტრულ ფედერალიზმს”, რაც აფხაზეთს ფართო ავტონომიას ანიჭებს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში.
 
მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე – 2009 წლამდე – საქართველოს მთავრობა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.
 
„თუმცა, ამაში საქართველოს თითოეული მოქალაქის დახმარება გვჭირდება“, დასძინა მან.
 
„პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ უშუალოდ აფხაზებთან და ამის შემდეგ რუსეთიც უნდა ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში“, განაცხადა სააკაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით“.
 
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მოსკოვიდან 26 მაისს დაბრუნდა. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის საკითხი მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
 
24 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება ის უმთავრესი ფაქტორია, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.


„საქართველოს ტანკებით ვერ გავაერთიანებთ. თუ გვექნება ძლიერი ეკონომიკა, ისინი [აფხაზები და ოსები] თვითონ დაინტერესდებიან საქართველოში ცხოვრებით“, დასძინა სააკაშვილმა.