პარლამენტი ევროკავშირის “ახლო სამეზობლო ინიციატივაში” საქართველოს გაერთიანებას გამოეხმაურა

24 ივნისს პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი სპეციალურ განცხადებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივაში გაერთიანებას ეხება.


განცხადებაში, რომელიც ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადდა, საქართველოს პარლამენტი მიესალმება სამხრეთ კავკასიის “გაფართოებული ევროპის ახალ სამეზობლო ინიციატივაში გაერთიანებას” და იმედს გამოთქვამს, რომ 2007 წლისთვის დაგეგმილ ევროკავშირის მორიგი გაფართოების დროს შავი ზღვის აუზის ქვეყნების ინტეგრაციის საკითხიც დადგება დღის წესრიგში.


საქართველოს პარლამენტი, ასევე, მიმართავს სომხეთისა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოებს, რომ მიუხედავად სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემებისა, სამივე სახელმწიფომ გამოხატოს ერთსულოვანი დამოკიდებულება ევროკავშირთან მიმართებაში. ამ მიზნით საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს მეზობელ ქვეყნებს ერთობლივად შეიმუშავონ “სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის პაქტი”.


ევროკავშირის ახლადდანიშნული კომისარი სლოვაკიიდან იანოშ პოტოშნიკი 5-6 ივლისს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს საქართველოდან დაიწყებს.


“ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც სლოვაკელი კომისრის რეკომენდაციებზე დიდწილად არის დამოკიდებული ევროკავშირთან საქართველოს მომავალი ურთიერთობები”, განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 25 ივნისს.


საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ევროკავშირის “ახლო სამეზობლო ინიციატივაში” ოფიციალურად გაერთიანდნენ 14 ივნისს .

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)