თბილისი აჭარას ავტონომიას უნარჩუნებს, თუმცა კონტროლს აძლიერებს
![]() |
“აჭარის სტატუსის შესახებ” კანონპროექტის |
კანონპროექტით აჭარა ფორმალურად ინარჩუნებს ავტონომიურ სტატუსს, თუმცა, როგორც ოპონენტები მიიჩნევენ, რეალურად, შემოთავაზებული ვარიანტი აკნინებს თვითმმართველობას აჭარაში და ავტონომიურ რესპუბლიკაში პრეზიდენტის პირდაპირი მმართველობას კონსტიტუციურად აფორმებს.
ერთი თვის წინ საჯარო განხილვაზე გამოტანილ კანონპროექტზე სპეციალური სამთავრობო კომისია მუშაობდა, რომელშიც ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად დამოუკიდებელი ექსპერტებიც იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა კომისიაში დოკუმენტის გარშემო არსებული არაერთსულოვანი პოზიცია ბოლომდე შენარჩუნდა.
“ეს არის კანონი იმის შესახებ, რომ დაშლის საფრთხის წინაშე არასოდეს დადგეს საქართველო და აღარავის მოუნდეს ისეთივე რეჟიმის შექმნა, როგორიც ასლან აბაშიძეს ჰქონდა, აღარასოდეს გახდეს სადავო ბათუმის ნავთობტერმინალმა ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს გადასახადი თუ ადგილობრივში”, განაცხადა კომისიის წევრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა კანონპროექტის პარლამენტში პრეზენტაციისას 25 ივნისს.
“აბსოლუტურად მიუღებელია ეს კანონპროექტი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის მინიჭებული უფლებები იმაზე ნაკლებია, რაც თუნდაც პირველი დონის თვითმართველობის რგოლს უნდა გააჩნდეს. აქ არის დარღვეული დემოკრატიული, სუბსიდიარობის და ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ელემენტარული პრინციპები”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ, რომელიც კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვდა. ფრაქცია “ახალმა მემარჯვენეებმა” მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს კენჭისყრის დროს.
“უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მიზანი, რომ იგი განსაზღვრავს “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივ სტატუსს” მნიშნველოვან წინააღმდეგობაშია კანონის შინაარსთან, ვინაიდან შემოთავაზებული მოდელით მნიშვნელოვნად არის დაკნინებული ავტონომიურობის იდეა”, ნათქვამია “ახალგარზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის მიერ საკონსტიტუციო კომისიისთვის გადაცემულ დასკვნაში.
კანონპროექტის საბოლოო ვარიანტით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იქნება არა ორპალატიანი, როგორც ეს თავდაპირველ ვერსიაში იყო გათვალისწინებული, არამედ 30 დეპუტატისგან დაკომპლექტებულ ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანო, რომლის არჩევნები აჭარაში 20 ივნისს უკვე ჩატარდა. 30 მანდატს 18 პროპორციული და 12 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი გადაინაწილებს. 20 ივნისის არჩევნების შედეგად პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია „გამარჯვებულ აჭარას“ 28 ადგილი ერგო, „რესპუბლიკელებს“ – მხოლოდ ორი.
აჭარის საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული საკანონმდებო აქტების შეჩერების და შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტს.
იმ ფაქტს, რომ კანონპროექტში პრეზიდენტისა და ზოგადად ცენტრალური ხელისუფლების უფლებები ავტონომიურ რესპუბლიკასთან მიმართებაში მოჭარბებულად არის წარმოდგენილი, ყველა აღიარებს.
პრეზიდენტს, რომლის უშუალო პრეროგატივაა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა, შეუძლია დაითხოვოს, როგორც უმაღლესი საბჭო, ისე მთავრობის შემადგენლობა მთლიანად.
კანონპროექტის ბოლო რედაქციაში გაუქმებულია პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული თანამდებობებს შორის ინსტიტუციონალური კონფლიქტი. თუმცა ამავდროულად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს გაზრდილი უფლებები, მაგალითისთვის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს.
“მთავრობის თავმჯდომარე თავის ლეგიტიმურობით გათანაბრებულია ლამის პრეზიდენტთან, არადა ჩვენ სწორედ იმას ვებრძოდით, რომ ასლან აბაშიძემ პრეზიდენტის დონეზე აიყვანა საკუთარი თავი”, განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში დავით გამყრელიძემ.
ევროპის საბჭოსთან არსებულმა ვენეციის კომისიამ 18-19 ივნისის განიხილა კანონპროექტი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” და საკუთარი რეკომენდაციებიც შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებას. თუმცა როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს, “არ იქნა გათვალისიწნებული თითქმის არცერთი რეკომენდაცია, რომელიც ავტორიტეტული ორგანოს ვენეციის კომისიის მიერ იქნა შემოთავაზებული.“ მისი თქმით პრეტენზიები ძირითადად გამოთქმული იყო ცენტრალური ხელისუფლების გაზრდილი უფლებების მიმართ ავტონომიურ რესპუბლიკაში.
კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის რესპუბლიკური პარტიაც, რომელსაც აჭარის ავტონომიის უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ კანონპროექტის საკუთარი ვერსია ჰქონდა მომზადებული.
“კანონპროექტი პოლიტიკური და ზნეობრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად მიუღებელია და გამოხატავს ხელისუფლების უნდობლობას [აჭარის] მოსახლეობის მიმართ, რადგან მათ საკუთარი თავის მართვის უფლებას ვართმევთ, არადა ვერანაირი კარგი მმართველობა ვერ შეცვლის თვითმმართველობას. კანონის ავტორები ცდილობენ რა მოსახლეობის გაბრიყვებას, კანონს არქმევენ კონსტიტუციურ კანონს “აჭარის ავტონომიის სტატუსის შესახებ”, განაცხადა “რესპუბლიკელმა” დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ 25 ივნიის პარლამენტის სხდომაზე.
კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრეები, დეპუტატები კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური. ისინი საერთოდ ავტონომიის გაუქმებას უჭერენ მხარს. აღსანიშნავია, რომ ძიძიგური და დავითაშვილი ზოგადად ავტონომიურობის იდეას ეწინააღმდეგებიან. ისინი აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას აჭარაში ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში, რომლის მიზანიც აჭარის ავტონომიური სტატუსის გასაუქმებლად პლებისციტის ჩატარება იყო.
“აჭარის ავტონომიურობას არ გააჩნია არც პოლიტიკური, არც რელიგიური და არც ეთნიკური საფუძველი, ამიტომაც სწორედ ახლა გვაქვს მისი გაუქმებისათვის კარგი შანსი და ეს პროცედურა არა პარლამენტიდან, არამედ ხალხიდან უნდა დაიწყოს”, განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა.
