სააკაშვილი: ცხინვალში ვითარება აჭარის მსგავსად განვითარდება

საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლში “ატლანტიკური ალიანსი ახალ გზაჯვარედინზე“ კონფერენციაზე 26 ივნისს სიტყვით გამოსვლისას საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხს შეეხო. 
 
“სამხრეთ ოსეთში ვითარება აჭარის მსგავსად წარიმართება და ამას თავად ხალხი უმოკლესს პერიოდში გააკეთებს“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე.
 
მისი თქმით,  საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს შეეგუოს იმ უკანონობას, რაც  ცხინვალის რეგიონში სუფევს.


“მოსახლეობის უმრავლესობა იქ შიმშილის ზღვარზეა, მხოლოდ ერთი ნაწილი იღებდა სარგებელს კონტრაბანდული ტვირთის შემოდინებით, რაც უკვე აღიკვეთა“, განაცხადა პრეზიდენტმა. 
 
საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში 26 ივნისს გაემგზავრა, სადაც იგი 28–29 ივნისს ნატოს სამიტს დაესწრება.

This post is also available in: English (ინგლისური)