ქართულ საგუშაგოზე თავდასხმის მიუხედავად თბილისი ძალის გამოყენებაზე უარს აცხადებს
რუსულმა ტელეკომპანია НТВ-მ გადმოსცა მძევლად აყვანილი ქართველი ჯარისკაცების მიმართ ცინიკური მოპყრობის კადრები |
8 ივლისს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რამდენიმე ათეული ქართველი სამშვიდობოს დაკავების შემდეგ ქართულ საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს, რამაც კონფლიქტის ზონაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართულ სოფლებს, ქურთასა და თამარაშენს შორის განლაგებულ საგუშაგოს ოსმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ცეცხლი გაუხსნეს. საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ ორი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა, თუმცა ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას ჯერ–ჯერობით არც ადასტურებენ და არც უარყოფენ
შეტაკებას ოსური მხარეც ადასტურებს. სამხრეთ ოსეთის საგანგებო საქმეთა დე ფაქტო მინისტრის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, “ქართულმა და ოსურმა უცნობმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს“.
“სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ამჟამად ცდილობს გაარკვიოს, თუ რა მოხდა“, განუცხადა ჩოჩიევმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასს“.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის “კრიმინალური რეჟიმი“ თბილისის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს.
“ომი ერთადერთი გზაა კოკოითისთვის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. თუმცა, ჩვენ ამ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით“, განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
“ჩვენ ვიცოდით, რომ კოკოითი პროვოკაციებს გეგმავდა და ამისათვის მზად ვიყავით. საქართველოს მთავრობას შეუძლია არსებული სიტუაციის მოგვარება და ჩვენ არ ჩავებმევით შეიარაღებულ დაპირისპირებაში“, დასძინა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, გააქტიურებულია საერთაშორისო ძალისხმევა, რათა არსებული კრიზისი მშვიდობიანად მოგვარდეს. “ჩვენ ხშირი კონტაქტები გვაქვს ჩვენს კოლეგებთან ამერიკის შეერთებული შტატებში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო: კოკოითის რეჟიმს მოსკოვი მხარს არ უჭერს“, განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 8 ივლისს საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა და მათ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა. დიპლომატებს შორის რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილიც იყო.
ვლადიმერ ჩხიკვიშვილი ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების დარეგულირების მიზნით მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
“რეგიონში სიტუაცია ძალზე მწვავე და დაძაბულია. სიტუაციის კიდევ უფრო გართულება ბევრ პრობლემას მოუტანს, როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონს. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან მარტივია, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და იმ პრობლემების მოგვარება, რაც რეალურად არსებობს“, განაცხადა ვლადიმერ ჩხიკვიშილმა 8 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, 9 ივლისს იგეგმება სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავას ვიზიტი მოსკოვში; მისივე თქმით დაგეგმილია სატელეფონო საუბარი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. როგორც ცნობილია, ამჟამად პრეზიდენტი სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფება.
სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ 8 ივლისს, გამთენიისას, ქართულ სოფელ ვანათში დაკავებული 50-მდე ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც კონფლიქტის ზონაში განთავსებული შერეული სამშვიდობო ძალების კონტიგენტის შემადგენლობაში შედიან, კვლავ ტყვეობაში რჩებიან. რუსულმა ტელეკომპანია НТВ–მ გადასცა კადრები, რომელზეც ასახულია დაკავებული ქართველი ჯარისკაცების მიმართ ოსური მხარის დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები ცხინვალში.
რეგიონში დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც საქართველოს შინაგანმა ჯარმა რუსეთის სამშვიდობო ძალების კუთვნილი იარაღით დატვირთული ავტოკოლონა 7 ივლისს დააკავა.
საკვებითა და სამხედრო ფორმით დატვირთული მანქანები ქართულმა მხარემ დაუბრუნა რუს სამშვიდობოებს, თუმცა იარაღით დატვირთული ორი მანქანა თბილისში წამოიყვანა, რამაც მოსკოვის პროტესტი გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც იარაღის დაუყონებლივ დაბრუნება მოითხოვა, ქართული მხარე “ძალისმიერ ქმედებებში“ დაადანაშაულა და იარაღის ჩამორთმევას “პროვოკაცია“ უწოდა.
“ჩვენ დავანახეთ ყველას, რომ არ დავუშვებთ უკანონო იარაღის გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 7 ივლისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)