რუსეთი კონფლიქტის ზონიდან დამატებითი ქართული ჯარების გაყვანას ითხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ 3 000-მდე შეიარაღებული პირი შეიყვანა კონფლიქტის ზონაში.
“მრავალრიცხოვანი ჯარის არსებობა სიტუაციის დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელსკონფლიქტის ზონაში, რომელიც ისედაც ძალიან დაძაბულია. რეგიონში პერიოდულ და ქაოტურ სროლებს აქვს ადგილი. შედეგად, ორივე მხარეს დაჭრილები არიან [ქართული და ოსური]“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის ზონიდან იმ შეიარაღებული ნაწილების გაყვანისკენ მოუწოდა, რომელთაც “არანაირი კავშირი არ აქვთ სამშვიდობო ოპერაციასთან”.
რუსეთმა ასევე მოუწოდა ქართულ და ოსურ მხარეებს განაახლონ მოლაპარაკებები და კრიზისი მშვიდობიანი გზით მოაგვარონ.
საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც უკვე დაადანაშაულა რუსეთი საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევის მცდელობაში, გააფრთხილა მოსკოვი, რომ შეიარაღებული დაპირისპირების განახლების შემთხვევაში, “ეს შიდა კონფლიქტი არ იქნება“.
‘ეს იქნება კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 10 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში დამატებითი ჯარების შეყვანის თაობაზე და მას “დეზინფორმაციას“ უწოდებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)