ქართულ-რუსული ჩარჩო ხელშეკრულების პროექტზე თბილისში იმსჯელებენ
თბილისში დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ჩამოდის. დელეგაციას სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი იგორ სავოლსკი ხელმძღვანელობს.
რუსეთის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც საქართველო-რუსეთი შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების პროექტზე იმსჯელებენ.
ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის მომზადების შესახებ მხარეებმა შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 11 თებერვალს მოსკოვში ვიზიტის დროს მიაღწიეს.
ორ პრეზიდენტს შორის სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ჩარჩო ხელშეკრულებას ვლადიმერ პუტინის შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი ვიზიტისას მოეწერება ხელი.
მას შემდეგ რაც დაახლოებით ათი წლის წინ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილ ხელშეკრულებას რუსეთის სათათბირომ, საქართველოს პარლამენტისაგან განსხვავებით, რატიფიკაცია არ გაუკეთა, ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის მუშაობა ახალ ჩარჩო ხელშეკრულების პროექტზე დაიწყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)