ევროკავშირის სპეციალური მისია საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რეფორმაში დაეხმარება

16 ივლისს ევროკავშირის ინიციატივით სპეციალური ე.წ. “კანონის უზენაესობის“ მისიის მუშაობა დაიწყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას სამართალდამცავ სისტემაში რეფორმების გატარებაში დახმარებას გაუწევს.


ევროკავშირის წევრი ქვეყნების რვა ექსპერტისგან შემდგარ “‘კანონის უზენაესობის“  მისიას ფრანგი მოსამართლე სილვიე პანსი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ამ სახის ინიციატივას ევროკავშირი პირველად ახორციელებს.


“კანონის უზენაესობის“ მისიის წევრები იმუშავებენ სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებსა და სამინისტროებში, ასევე უზენაეს სასამართლოსთან, რათა მოხდეს არსებული კანონმდებლობის დახვეწა და რეფორმების გატარება. მთავარი მაკოორდინირებელი ფუნქცია კი იუსტიციის სამინისტროს დაეკისრება.  მისია საქართველოში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში დაჰყოფს. 


აღსანიშნავია, რომ მისიის დაწყებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო  და სადოკუმენტაციო ცენტრმა (HRIDC) 9 ივლისს ევროკავშირის უმაღლესი კომისარის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანას სახელზე ღია წერილი გაგზავნა .


წერილში შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში  ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. 
 
“FIDH და HRIDC შეშფოთებას გამოთქვამს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ასევე უკანონო დაკავებათა გამო. ასეთი ფაქტები კი ძალიან ბევრია“, ნათქვამია წერილში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)