ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს ახალი მეპატრონე ჰყავს
ქართული გაზეთის “ახალი ვერსიის“ ცნობით, ქართველმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის აქციების 90% შეისყიდა.
“ახალი ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქიბარ ხალვაშმა დაადასტურა, რომ მან “რუსთავი 2“-ის აქციები ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელებისგან დავით დვალისგან, ჯარჯი აკიმიძისა და ეროსი კიწმარიშვილისგან შეისყიდა. ეს უკანასკნელი ‘რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეა.
აქციების დარჩენილ 10%-ს ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე ფლობს, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
“ახალი ვერსიის” თანახმად, ქიბარ ხალვაში, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ შინაგან საქმეთა მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან, საქართველოში Procter&Gamble-ის სადისტრიბუციო ქსელის და თბილისის “პეპსი კოლას“ ქარხნის მფლობელია.
ტელეკომპანია “რუსთავი 2“ 10 წლის წინ ქალაქ რუსთავში დაფუძნდა. 10 წლის განმავლობაში იგი საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ტელეკომპანიად ჩამოყალიბდა.
“რუსთავი 2“-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნოემბრის უსისხლო რევოლუციაში, როცა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერების ღიად დაუჭირა მხარი. ნოემბრის რევოლუციის შემდეგ “რუსთავი 2“-ს “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ სახელით მოიხსენიებდნენ.
თუმცა, ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ “რუსთავი 2“-ს, როგორც დამოუკიდებელ ტელევიზიას, ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ მთავრობის მიმართ ტენდენციური დამოკიდებულების გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)