საქართველო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში ეუთოს გააქტიურებას ითხოვს

“საქართველო გეგმავს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში ეუთოს აქტიურად ჩართვის საკითხი ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე დააყენოს“, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ გოგა ხაინდრავამ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 29 ივლისს ეუთოს  მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე  გამოვა სიტყვით.


გოგა ხაინდრავას განცხადებით, ქართულ მხარეს სურს, რომ ეუთომ როკის გვირაბზე მონიტორინგი განახორციელოს. თბილისი რუსეთს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში როკის გვირაბის გავლით იარაღის შეტანაში ადანაშაულებს.


“ჩვენ გვინდა, რომ ეუთომ უფრო მნიშვნელოვანი და აქტიური როლი ითამაშოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში. გვინდა, რომ ეუთომ სამხრეთ ოსეთის მთლიანი ტერიტორია გააკონტროლოს, მათ შორის როკის გვირაბი და ჯავის რაიონი [რომელიც სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული დაჯგუფებების მთავარ პლაცდარმს წარმოადგენს]“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


თუმცა, დასძინა, რომ “რუსეთი მუდმივად ცდილობს შეასუსტოს ეუთოს როლი”. რუსეთს არაერთხელ გაუკრიტიკებია ეუთო კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის მიკერძოებული, საქართველოს სასარგებლოდშეფასების გამო.


ეუთო 90-იანი წლების დასაწყისიდან აქტიურად არის ჩართული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ ასპექტებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)