მხარეები ცეცხლის შეწვეტაზე კიდევ ერთხელ თანხმდებიან
შსკ–ის თანათავმჯდომარეები: (მარცხნიდა მარჯვნივ) რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი ლევ მირონოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევ, ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი თეიმურაზ კუსიევი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. |
ბოლო ოთხი დღის მანძილზე მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე მეორედ შეთანხმდნენ. 13 აგვისტოს შეთანხმება იმავე ღამით დაირღვა. გოგა ხაინდრავას განცხადებით მომდევნო სამი დღე გადამწყვეტი იქნება, რადგან ამ პერიოდში ნათელი გახდება სურს თუ არა ოსურ მხარეს შეთანხმების შესრულება.
მისი თქმით თუ სამ დღეში არ მოხდა შეთანხმების შესრულება ქართული მხარე კონფლიქტის ზონიდან ჯარებს არ გამოიყვანს.
დღეს მიღწეული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით კონფლიქტის ზონიდან უნდა იქნეს გაყვანილი ყველა შეიარაღებული ძალა, რომელიც არ შედის ერთობლივი – ქართულ–რუსულ–ოსური – სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში. თითოეულ მხარეს უფლება აქვს კონფლიქტის ზონაში 500 მშვიდობისმყოფელი იყოლიოს.
შეთანხმების მიხედვით ასევე უნდა მოხდეს ხალხის თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელის შეწყობა და გზების გახსნა. როგორც ცნობილია ქართული მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებთან მიმოსვლა, რათა ეს სოფლები ბლოკადაში არ მოექცნენ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს რომ შერეული კომისია 18 აგვისტოს მოლაპარაკებებს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან გამართავს.
„არა მგონია, რომ პრეზიდენტმა კოკოითმა ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრაზე უარი თქვას“ – განუცხადა ჟურნალისტებს ჩოჩიევმა. ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვს ჟვანიასა და კოკოითს შორის პირისპირ შეხვედრას.
დღევანდელ შეხვედრას უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივიც ესწრებოდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური)