ბიზნესის წარმოება 2005 წელს

2004 წლის 8 სექტემბერი; ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი: – მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, გასული წლის მონაცემების მიხედვით, სლოვაკეთი დასახელდა მსოფლიოს ყველაზე რეფორმატორულ სახელმწიფოდ. სლოვაკეთმა მოახერხა გაეუმჯობესებინა ქვეყანაში არსებული საინვესტიციო კლიმატი ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელი პროცედურის გამარტივებით და შეუერთდა მსოფლიოს წამყვან 20 ქვეყანას, სადაც ბიზნესის წარმოება თავისი სიმარტივით გამოირჩევა.


მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, რომელიც წარმოადგენს კერძო სექტორის მთავარ დამფინანსებელ ერთეულს) ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა ანგარიში სათაურით: “ბიზნესის წარმოება 2005 წელს: ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრა”. ანგარიშიში ნათქვამია, რომ მაშინ, როდესაც ევრო კავშირის ახალი წევრები ითვლებიან საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით წამყვან რეფორმატორებად, ამავდროულად ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რამდენიმე ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს ბიზნესისთვის არახელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყნის რეპუტაციას.


ანგარიშიში გაკეთებული დასკვნების მიხედვით, ბევრ ქვეყანას, ხშირად მარტივი რეფორმების განხორციელებითაც კი, შეუძლია შექმნას ქალებისა და ახალგაზრდობისთვის საჭირო დამატებითი სამუშაო ადგილები, წაახალისოს ჩრდილოვანი ეკონომიკის გადასვლა ფორმალურ სექტორში და ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას. ცალკე აღებული ფაქტორების დაწვრილებითი ანალიზი მიუთითებს იმ სფეროებზე, სადაც ცვლილებების გატარებამ საქართველოს შეუძლია მოუტანოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნის თვალსაზრისით. კერძოდ, ბიზნესის წარმართვა საქართველოში მნიშვნელოვნად შეიძლება გაიოლდეს, თუკი გაიზრდება სასამართლო სისტემის ეფექტურობა, შემცირდება საკუთრებისა და ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ხარჯები და რეალურ ფუნქციონირებას დაიწყებს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო.


ბიზნესის დასაწყებად საჭირო აუცილებელი დროის თვალსაზრისით საქართველოს გააჩნია გარკვეული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ევროკავშირში გაერთიანებულ თითქმის ყველა სხვა წევრთან შედარებით, საქართველოში ყველაზე ცოტა დროა საჭირო ბიზნესის დასარეგისტრირებლად. თუმცა, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული ხარჯები საკმაოდ მაღალია. ის თითქმის ორჯერ აჭარბებს ანალოგიურ მოსაკრებელს, ვიდრე რუსეთსა და სომხეთში. ასევე, მაშინ, როცა საკუთრების დარეგისტრირებას საქართველოში საკმაოდ მცირე დრო მიაქვს, იმავე რეგისტრაციის ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალოგიურ მოსაკრებლებს მეზობელ ქვეყნებში – სომხეთსა (სამჯერ) და აზერბაიჯანში (ხუთჯერ).


საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ფაქტორია მზარდი ბიზნესებისთვის. ანგარიში დეტალურად განიხილავს საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობაზე მოქმედ ფაქტორებს, როგორებიც არის: მსესხებელთა უფლებების საკანონმდებლო დაცვა და კრედიტორებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.


საქართველო საკმაოდ წარმატებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული მსესხებელთა უფლებების დაცვაში – ECA-ს 26 ქვეყნიდან მხოლოდ ორი შეფასდა დადებითად. თუმცა, საკრედიტო ბიუროების თვალსაზრისით, საქართველოში, ისევე როგორც თანამეგობრობის დანარჩენ სხვა წევრ ქვეყნებში, იგი პრაქტიკულად არ არსებობს. ეს ფაქტი ართულებს გამსესხებლების მიერ მსესხებლების რისკების შეფასებას, რაც მეწარმეებს ხშირად აიძულებს უფრო მეტად დაეყრდნონ პირად ურთიერთობებს და გირაოს სესხის მისაღებად.


ბიზნესებისთვის დაფინანსების სხვა დამატებით წყაროს წარმოადგენს აქციონერთა კაპიტალში პირდაპირი ინვესტიციები. 2005 წლის ანგარიშში ჩატარებულია კვლევა სხვადასხვა ქვეყანას შორის ფინანსური ინფორმაციისა და მესაკუთრეთა ვინაობის გამჟღავნების პრაქტიკის შესახებ. ფინანსური ინფორმაციისა და მესაკუთრეთა ვინაობის გამჟღავნების პრაქტიკის მხრივ, საქართველო საკმაოდ წარმატებულია და ამ მაჩვენებლით (ყაზახეთთან ერთად) ის პირველ ადგილზეა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის.


მაშინ, როდესაც კრედიტორებს და ინვესტორებს გააჩნიათ საკმაოდ ძლიერი საკანონმდებლო უფლებები, ქართული სასამართლო სისტემა შედარებით არაეფექტურად გამოიყურება. სასამართლო სისტემის არაეფექტურობა კი შეიძლება ნიშნავდეს კრედიტორებისა და ინვესტორების უფლებათა შელახვას, რაც თავის მხრივ ართულებს საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ საკრედიტო რესურსების გამოყენებას. ასევე კონტრაქტში ჩადებული პირობების დაცვის ხარჯები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხარჯად რეგიონში. იგი ორჯერ აჭარბებს ანალოგიურ ხარჯებს სომხეთში და სამჯერ – უკრაინაში.


საქართველო, რა თქმა უნდა, ერთადერთი არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც უნდა განახორციელონ ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯები. ანგარიში, რომელიც ადარებს მარეგულირებელ საქმიანობასა და რეფორმებს 145 ქვეყანას შორის, მიუთითებს, რომ საკუთარი ადმინისტრაციული პროცედურების გამო, მდიდარ სახელმწიფოებთან შედარებით, ღარიბი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 2-ჯერ უფრო გაძნელებულია მეწარმეთა მიერ საკუთარი ბიზნესის დაწყება, საოპერაციო საქმიანობა და ბიზნესიდან გასვლა. იგივე მოხსენების მიხედვით, ღარიბ ქვეყნებში კანონმდებლობით გათვალისწინებულია საკუთრების უფლებათა დაცვის ორჯერ ნაკლები ბერკეტი, ვიდრე ეს მდიდარი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებშია.


მაღალი შემოსავლების მქონე ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში, ბიზნესის დაწყებისათვის საშუალოდ საჭიროა 6 პროცედურა, ერთ სულ მოსახლეზე არსებული მთლიანი შემოსავლის 8% და 27 დღე. ECA-ს ქვეყნებში კი ბიზნესის დარეგისტრირებასა და ამუშავებას სჭირდება 10 პროცედურა, ერთ სულ მოსახლეზე არსებული მთლიანი შემოსავლის 15% და 42 დღე. ამ მხრივ ყველაზე არახელსაყრელი ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყნებად ითვლებიან ბელორუსია (79 დღე) და აზერბაიჯანი (123 დღე).


პოტენციური ინვესტორები კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში ლისტინგში გატარებული საჯარო კომპანიების შემთხვევაში სარგებლობენ საკუთრებისა და ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების 7-ვე ძირითადი საშუალებით. ამავდროულად, ინვესტორებს რუსეთში გააჩნიათ იგივე ინფორმაციის გამჟღავნების ორჯერ ნაკლები საშუალება.


მთლიანობაში, მდიდარმა ქვეყნებმა გასულ წელს განახორციელეს საინვესტიციო კლიმატის რეფორმებისკენ მიმართული სამჯერ უფრო მეტი ღონისძიება, ვიდრე ღარიბმა ქვეყნებმა. ამ მხრივ ყველაზე აქტიური ევროკავშირის წევრები იყვნენ, სადაც ცალკე აღებული თითო ქვეყნის წილად თითქმის ორი რეფორმა მოდიოდა. ჩატარებული კვლევის მიხედვით საუკეთესო 10 რეფორმატორი ქყვეყნის სია შემდეგნაირად გამოიყურება: სლოვაკეთი, კოლუმბია, ბელგია, ფინეთი, ინდოეთი, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია და ესპანეთი.


ქვემოთ წარმოდგენილია კვლევის სხვა დანარჩენი შედეგები ECA-ს ქვეყნებთან მიმართებაში:


• გამოკითხული 58 ქვეყნიდან, სადაც გასულ წელს მოხდა ბიზნეს კანონმდებლობის რეფორმირება, ან გაძლიერდა საკუთრების უფლებათა დაცვა, 16 ქვეყანა შედიოდა ECA-ში. ევრო კავშირის ახლად გაწევრიანებულმა ქვეყნებმა მოახდინეს ყველაზე მეტი რეფორმა; ცენტრალური აზიის სახელმწიფოები კი იყვნენ ისინი, რომლებმაც ყველაზე ნაკლები რეფორმა გაატარეს. 


• 145 ქვეყნიდან, ხუთი სახელმწიფო: ლიტვა, სლოვაკია, ლატვია, ჩეხეთის რესპუბლიკა და ესტონეთი მოხვდნენ გამარტივებული ბიზნესის წარმოების გარემოს მქონე ქვეყანათა პირველ მეოთხედში; საქართველომ მეორე მეოთხედში დაიკავა ადგილი. ბელორუსია, უკრაინა, რუმინეთი და უზბეკეთი რეგიონის აუტსაიდერებად დასახელდნენ.


მსოფლიო ბანკის / საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კერძო სექტორის განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა და მთავარმა ეკონომისტმა, მაიკლ კლეინის განცხადებით “ღარიბ ქვეყნებს, რომელთაც უკიდურესად ესაჭიროებათ ახალი საწარმოები და სამუშაო ადგილები, ემუქრებათ კიდევ უფრო დიდი ჩამორჩენის რისკი მდიდარ ქვეყნებთან მიმართებაში, ვინაიდან მდიდარი ქვეყნები ამარტივებენ მარეგულირებელ კანონმდებლობას და საკუთარ საინვესტიციო კლიმატს ბიზნესისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდიან”.


ანგარიში “ბიზნესის წარმოება 2005 წელს” იძლევა უახლეს ინფორმაციას გასული წლის ანგარიშში გამოყოფილ ბიზნეს-გარემოს შეფასების 5 სახის მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ეს მაჩვენებლებია: ბიზნესის დაწყება, მუშა-მოსამსახურეების დაქირავება/განთავისუფლება, კონტრაქტების აღსრულება, კრედიტის მიღება და ბიზნესის ლიკვიდაცია; ანგარიში შარშანდელთან შედარებით უფრო მეტ, 145 ქვეყანას მოიცავს, ხოლო მაჩვენებლებს დაემატა კიდევ ორი: საკუთრების რეგისტრაცია და ინვესტორთა დაცვა. გასულ წელს, 13 ქვეყნის მთავრობამ გააკეთა განაცხადი, რომ მომხდარიყო მათი ქვეყნის ჩართვა “ბიზნესის წარმოების” მოხსენების ანალიზში.


“ბიზნესის წარმოების” პროექტი არის 3,000-ზე მეტი ადგილობრივი ექპერტისა და წამყვანი მეცნიერის –  ბიზნეს კონსულტანტის, იურისტის, ბუღალტრისა და მთავრობის ოფიციალური პირის – ერთობლივი ნამუშევარი. პროექტის მომზადებაში გამოყენებული მონაცემების, მეთოდოლოგიისა და ავტორთა ვინაობა საჯარო ინფორმაციაა და მოიპოვება ინტერნეტში.


კვლევის ძირითადი დასკვნებია:


• ბიზნესს ღარიბ ქვეყნებში უწევს უფრო მკაცრი მარეგულირებელი მარწუხების ქვეშ ფუნქციონირება, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში.


• რეფორმებიდან უკუგება საკმაოდ მაღალია.


• მკაცრი რეგულირება და საკუთრებაზე არსებული სუსტი უფლებები იწვევს ყველაზე ღარიბების – განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდობის – ბიზნესიდან განდევნას.



კვლევამ აჩვენა, რომ გამარტივებული რეგულირების მქონე ქვეყნებს უფრო უკეთესად შეუძლიათ სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და უკეთესი ეკონომიკური გარემოს შექმნა ბიზნესმენებისთვის, ინვესტორებისა და ზოგადად მოსახლეობისთვის.


ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით 20 საუკეთესო ქვეყანა გახლავთ: ახალი ზელანდია, შეერთებული შტატები, სინგაპური, ჰონგ კონგი / ჩინეთი, ავსტრალია, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, კანადა, შვედეთი, იაპონია, შვეიცარია, დანია, ჰოლანდია, ფინეთი, ირლანდია, ბელგია, ლიტვა, სლოვაკეთი, ბოტსვანა, და ტაილანდი.


საინვესტიციო კლიმატის მაჩვენებლებისა და ანალიზის, აგრეთვე ანგარიშის გამოწერასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოპოვება, შესაძლებელია “ბიზნესის წარმოების” შემდეგ ვებ-გვერდზე:


http://rru.worldbank.org/doingbusiness.


ანგარიში სრული სახით შესაძლებელია მოპოვებულ იქნას ჟურნალისტების მიერ მსოფლიო ბანკის მედიის საბრიფინგო ცენტრში, შემდეგ ვებ გვერდზე:


http://media.worldbank.org/